დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო განკარგავს
“საჯარო რეესტრის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა და მოითხოვა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რაც ბიუროს წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.
საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ დღეს მიწების უმრავლესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხორციელდებოდა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი არსებობდა.
უწყების ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 64 ტერიტორიული სამსახურის მასშტაბით აღურიცხავი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების თავმოყრა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს საძიებო კატალოგის შედგენა, უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში ასახვა, ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნა, დოკუმენტების დიგიტალიზაცია, რეგისტრირებულ მონაცემებზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მოწესრიგება. მიმდინარე თვეებში დაინერგება საამზომველო საქმიანობის ლიცენზირებაც, რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი მიეცემა.
ამასთან, კანონპროექტი პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მთაბრობის წარმომადგენლების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი მიწის ნაკვეთები “გაიპაროს”, რომელზეც უფლება დასადგენია და მისი პრივატიცაზია განხორციელდეს.