ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების დაფინანსება 254 000 ლარით გაიზრდება
გასულ წელთან შედარებით ბაგა-ბაღების დაფინანსება 254 000 ლარით გაიზრდება. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაიხარჯება ბაგა-ბაღების აღმზრდელების გადამზადებაში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღსაზრდელებისათვის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარებაში.
„მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ყოველწლიურად საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს გამოვყოფთ. მოსალოდნელი შედეგი იქნება აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურა“, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 9 494 220 ლარით განისაზღვრება. კალმახელიძის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი 12 %-ით გაიზრდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტულ სფეროებად კვლავ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.