კახეთში ინვესტორების მიერ ნაყიდი და მიტოვებული მიწების აღწერა მიმდინარეობს
აღწერა პირველად ორ მუნიციპალიტეტში სიღნაღსა და დედოფლისწყაროში დაიწყება და მთელ რეგიონს მოიცავს. სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ აღწერის დასრულების შემდეგ შედეგებს სამთავრობო უწყებებს მიაწვდიან შესაბამისი რეაგირებისთვის.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, ირინე ფხოველიშვილის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ჩართვა და ორგანიზაციებისთის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მსურველს, როგორც სოფლის მცხოვრებელს ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
,,გვინდა, მიწების აღწერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს. ჩვენ არ ვიცით რა დრო დაგვჭირდება დოკუმტაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის, მაგრამ მიღებულ მონაცემებს გავასაჯაროებთ, გადავუგზავნით მთავრობასა და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის. პროცესში აქტიურად გვინდა, ჩავრთოთ ყველა, ვინც თანამშრომლობაზე გამოთქვავს სურვილს, ეს იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მთავარია, ინფორმაცია იყოს სწორი. ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზოგიერთ პიროვნებას არ აქვს სურვილი ღიად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ამიტომ ისინიდარჩებიან ანონიმურ წყაროდ.საქმის კურსში ჩავაყენებთ სამთავრობო სტრუქტურებსაც და თავად გადაწყვიტონ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აღნიშნულ პროცესებში’’, – ამბობს ირინე ფხოველიშვილი.