რეგიონული მედიის ჟურნალისტები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას გაეცნენ
მედიატურის მიზანს წარმოადგენდა ფართო აუდიტორიისთვის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
პროექტის ავტორის, ნინო ჩიბჩიურის ინფორმაციით, მედიატურის მხარდამჭერია ააიპ ,,საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“.
,,მიგვაჩნია, რომ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ რა ხდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, რა პრობლემები აქვთ და როგორია მათი ერთი ჩვეულებრივი დღე რუსების პირისპირ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალით რუს ჯარისკაცებს ყოველდღღე ხედავენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამდენი მედია ორგანიზაციის ჟურნალისტი გააშუქებს აქ არსებულ სიტუაციას და მაყურებელი და მკითხველი მათი მომზადებული მასალების მეშვეობით მიიღებს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას’’.
,,ხალხის გაზეთის’’ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილის განცხადებით, მსგავსი მედიატურების მოწყობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ის ხელს უწყობს როგორც ჟურნალისტების, ასევე რეგიონებში მცხოვრები ფართო საზოგადოების ინფორმირებას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ.
,,მოგვეცა საშუალება, გავცნობოდით იმ მოსახლეობის ყოველდღიურობასა და პრობლემებს, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ. რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები აქ არსებულ სიტუაციას ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იგებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე ჩასვლისა და სიტუაციის გაცნობის.’’
მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები სოფლებს ერგნეთს, დიცს და ზარდიაანთკარს ესტუმრნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.
ზარდიანთკარის მკვიდრის, გიორგი გაბლიშვილის განცხადებით, ომის დროს სახლი დატოვა, 2007 წელს კი სოფელს დაუბრუნდა. მას იმედი ჰქონდა, მთავრობა ომის დროს გადამწვარი სახლის რეაბილიტაციაში დაეხმარებოდა, თუმცა ამაოდ. მისივე თქმით, პრობლემების მოუგვარებლობის გამო, სოფელს მაცხოვრებლები ტოვებენ.
,,ომის დროს მივატოვეთ სახლები და წასულები ვიყავით, შემდეგ დავბრუნდით, რადგან მთავრობა დახმარებას გვპირდებოდა. 2013-15 წლებში რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა სახლებს, წყლის სისტემა გაკეთებულიყო და დახმარებაც გვქონოდა. ამ დრომდე უყურადღებოდ ვართ, დღემდე ვილოდებით და თუ არ იქნება რაიმე დახმარება, ალბათ სოფელი დაიცლება. არ მაქვს საშუალება, რომ ნორმალურად ვიცხოვრო, სახლი ისე დამენგრა აგვისტოს ომის დროს, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია. შვილი რომ ჩამომდის სტუმრად სხვის სახლში ვაძინებ, როდემდე უნდა ვიცხოვრო ამ პირობებში? მე დავიწყე ომი და ჩემი ბრალი იყო რამე? ამდენი ხანი გავიდა და ყურადღებას არ მაქცევს კაციშვილი. ცოტახნის წინ ვიყავი გამგებელთან და ვთხოვე სახლისთვის ჭერის გადახურვაში მაინც დამხმარებოდნენ რომ მთლიანად არ დამენგრეს. მან კი მკითხა შენ იხდი გადასახადებსო? ვუთხარი, რომ არ ვიხდიდ, რადგან კონფლიქტის ზონიდან ვიყავი და არ მეხება მეთქი. მიპასუხა, რომ როგორც შენ, ისე სხვები არ იხდიან და მე საიდან მექნება ფული, რომ დაგეხმაროო,’’- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გაბლიშვილმა.