თელავი ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა
კამპანიაში, ,,ნუ გაათხოვებ – მიეცი განათლება, მიეცი არჩევანი”, მონაწილეობა თელავის ,,გენდერული თანსწორობის კლუბის”, ,,თელავის გენდერის მედია ცენტრის”, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, მაია ფურცხვანიძეს განცხადებით, ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი ახალგაზრდები ქორწინდებიან და ისინი გაუაზრებელ არჩევანს აკეთებენ. ამის შემდეგ ისინი ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
ფურხვანიძისვე თქმით, მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას.
,,25 ნოემბერი არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. დღეიდან დაიწყო ორკვირიანი კამპანია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დღეს, კამპანიის ფარგლებში, თელავში გაიმართა საჯარო შეხვედრა და აქცია, სადაც წავიკითხეთ სპეციალურად მომზადებული მიმართვა, რომელიც ეხება ნაადრევი ქორწინების სტატისტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნაადრევი ქორწინება ძალადობაა, რადგან ეს არ არის გააზრებული არჩევანი. გარდა ამისა, არასრულწლოვანები კარგავენ ბევრ უფლებას, მაგალითად სრულფასოვანი განათლების მიღებისა და გართობის უფლებას. გოგონა, რომელიც ადრეულ ასაკშ ქმნის ოჯახს, იგი ვერ იღებს სათანადო განათლებას, ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენას, ვერ საქმდება და ვერ ხდება საქმის პროფესიონალი. სწორედ აქედან იწყება პრობლემებიც. ისინი ხდებიან როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ასევე, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები,”- განუცხადა knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ.
ღონიძიება ,,საქართველოს ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით, მისი წარმომადგენლის კახეთის რეგიონში – ,,თელავის განვითარების, განათლებისა და დასაქმების ცენტრის” და თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.