თელავში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია გაიმართება
ხვალ, 25 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ჩატარდება საჯარო შეხვედრა თემაზე – ნაადრევი ქორწინება ძალადობაა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თელავის გენდერული თანსწორობის კლუბის წევრები, თელავის გენდერის მედია ცენტრის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აჩვენებენ ქალთა მოძრაობის მიერ გადაღებული ფილმს ნაადრევ ქორწინებაზე. მონაწილეები ისაუბრებენ ნაადრევი ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე იმ ზომებზე, რომლებიც საჭიროა ნაადრევი ქორწინებების შემცირებისთვის. შეხვედრაზე იმსჯელებენ ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეებზეც.
შეხვედრის დასრულებისთანავე, 14:00 სთ-ზე, ღონისძიების მონაწილეები შეუერთდებიან აქციას თელავის თეატრთან, რომლის ორგანიზატორია ,,ქალთა მოძრაობა“ და მისი წარმომადგენელი კახეთის რეგიონში – ,,თელავის განვითარების, განათლებისა და დასაქმების ცენტრი”.
აქციაზე, ორგანიზატორები წაიკითხავენ ,,ქალთა მოძრაობის“ მიერ მომზადებულ მიმართვას. ,,თელავის განვითარების, განათლებისა და დასაქმების ცენტრი“ მოაწყობს პერფორმანსს ნაადრევი ქორწინების თემაზე.
,,საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით. მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა,” – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.