ტერორიზმში ბრალდებულ დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა და დაეყრდნო საფუძველს, რომ არსებობდა დავით ბორჩაშვილის მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელისშეშლის საფრთხე.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ამჟამად დაკავებული მკურნალობს. ბორჩაშვილის ადვოკატები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ორი დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალების გარდა საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.
22 ნოემბერს, დილის 4 საათზე, 29 წლის დავით ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დანაშაული ისჯება10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ფიგურირებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ მასალაში კი ბორჩაშვილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობს.