17 წლის გატაცებულ გოგონას სირიაში გაგზავნას უპირებენ
იქიდან გამომდინარე, რომ გოგონა არასრულწლოვანია, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს, და აგრეთვე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები საქმეს სწავლობენ, მსხვერპლის იდენტიფიცირებისგან რედაქცია თავს იკავებს.
17 წლის გოგონას მამა იხსენებს, რომ 4 ოქტომბერს მისი შვილი დაინიშნა თანატოლ ბიჭზე ხ.ს-ზე. მამის მტკიცებით, მის ქალიშვილსა და ხ.ს-ს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და სკოლის დამთავრების მერე იქორწინებდნენ. მშობელი ყვება, რომ მოულოდნელად მისი ქალიშვილი ლ.კ. 6 ოქტომბრის ღამეს ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლ.მ-მ, რომელიც სოფელში სკოლის მოსწავლეებს ჭრა-კერვას ასწავლის, ქვეყნის სხვა რეგიონში წაიყვანა და გოგონაზე უფროს, 25 წლის ა.ბ-ს მიათხოვა. ის, ჭრა-კერვის მასწავლებლის მსგავსად, აზერბაიჯანის მოქალაქეა.
„ჩემი გოგო ჩვენი ოჯახის ახლობელზე დაინიშნა. ჩემი შვილი სკოლაში სწავლობდა. სკოლას რომ დაამთავრებდა, ქორწილიც მაშინ იქნებოდა. მანამდე სახლში იქნებოდა და ჩვენთან იცხოვრებდა. არ ვიცი, რა არ გააკეთეს. დანიშვნიდან 2 დღეში ჩემი 17 წლის გოგონა ძალით წაიყვანეს, გაათხოვეს საქართველოს სხვა რაიონში და, სავარაუდოდ, სირიაში უპირებენ გაგზავნას. გოგო წაიყვანა იმ ქალმა, ვინც სოფელში ჭრა-კერვასა თუ ასეთ რაღაცას ასწავლიდა. ახლა ჩემი გოგო და ის ბიჭი დაქირავებულ ბინაში ცხოვრობენ. ჩვენ ამის შემდეგ კონფლიქტი მოგვივიდა ჩვენს ახლობელ ოჯახთან, ვის შვილზეც ჩემი გოგო მანამდე იყო დანიშნული. ისინი გვაბრალებდნენ, რომ ჩვენ გავათხოვეთ იმ ბიჭზე ჩემი შვილი“, – ამბობს გოგონას მამა.
გოგონას ბიძაშვილი მ.კ. კი, აცხადებს, რომ ა.ბ-ს ახლობლები გოგონას მათთან ურთიერთობის შესაძლებლობას არ აძლევენ. მ.კ. მათ არაადეკვატურ ქმედებებზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ გოგონაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ის მაგიური ზემოქმედების ქვეშაა.
მისივე ინფორმაციით, გოგონას სწავლა ქვეყნის სხვა რეგიონის სკოლაში ამ დრომდე არ დაუწყია. რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ ფლობენ ინფორმაციას, იღებს თუ არა არასრულწლოვანი გოგონა საშუალო განათლებას და, ამ მხრივ, დაცულია თუ არა მისი უფლება.
„ჩემს მამიდაშვილს ის ბიჭი საერთოდ არ უყვარს. რაღაც აქვს გაკეთებული. საერთოდ არ გვეკონტაქტება. სოფელში გვყვავდა ჩამოყვანილი გოგო, ის ბიჭი, იმ ბიჭის დედა და მეზობლები, ჩინელებიც წამოყვნენ. აქ რომ გვყვავდა ჩამოყვანილი, ვეუბნებოდით წამოდი დაგველაპარაკე, დედას მოუყევი შენი მდგომარეობა. ჯერ იმათ უყურებდა, რომ ნება დაერთოთ და მერე ისე მოგვყვებოდა, მაგრამ ჩვენთან მარტო ერთი წუთით არ ტოვებდნენ. გოგოს ჩვენი დანახვაც არ უნდოდა. როცა ვიცით, რომ ადამიანს ჯადო აქვს გაკეთებული, ღვინოს მოვასხამთ ხოლმე და გამოდის მდგომარეობიდან. ასეც მოვიქეცით. ჩემი მამიდაშვილი იმის შემდეგ გამოცოცხლდა, სახლიც დაალაგა, დედასაც მიეხმარა. ამ ბიჭის დედა, ასევე, ის ჩინელი მეზობლები გაბრაზდნენ, რატომ მიასხით ღვინოო. გოგოს ხელებით რაღაცები გაუკეთეს და ისევ გააბეჩავეს“, – ამბობს გოგონას ბიძაშვილი მ.კ.
„ჩვენც ვიყავით იქ, სადაც ჩემი შვილი გაათხოვეს. ჩემი შვილის მეზობლები, ჩინელები მოვიდნენ ჩემთან, ლაზერი დამანათეს მაჯაზე, თან მეუბნებოდნენ ცუდად ხარ და ნემსს გაგიკეთებთო. უარი ვუთხარი. ჩემი მოჯადოებაც უნდოდათ. ეს ჩვენი უბედურება სულ იმ მასწავლებლის ბრალია. რაც ეს მოხდა, ის ჩვენს სოფელში აღარ გამოჩენილა“, – აღნიშნავს გოგონას მამა კ.კ.
სოფელში გავრცელებული ინფორმაცით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგონებს სირიაში ძვირადღირებულ ფასად ათხოვებს. გოგონას მეზობელი ყვება, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალბატონი სოფელში მცხოვრებ სხვა ოჯახს დიდი თანხის სანაცვლოდ შესთავაზა, მათი ქალიშვილი მიეთხოვებინა ორგანიზაციის წარმომადგენელ მამაკაცზე, თუმცა ის ოჯახის ვინაობას კატეგორიულად არ ამხელს. მსგავს ფაქტს იხსენებს სხვა მეზობელიც.
„მაგას დიდი მაფია აქვს. ბავშვებს ბაქოში სთავაზობდა წასვლას. ძალიან ბევრი ამბობს, რომ სირიაში გადაჰყავს გოგოები და იქ ათხოვებს. მე ვუთხარი, რომ აქ თუ ცხოვრობ, ჭკვიანად იცხოვრე მეთქი“, – აცხადებს მეზობელი.
სოფლის საჯარო სკოლის დირექტორსაც სმენია სირიაში 17 წლის გოგონას შესაძლო გათხოვების შესახებ. დირექტორი ადასტურებს, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ ლ.კ. სკოლაში აღარ დადის, თუმცა გოგონას გათხოვების შესახებ ორი კვირის წინ მშობლებისაგან შეიტყო.
ჭრა-კერვის მასწავლებელი ლ.მ. კი, სირიასთან რაიმე სახის კავშირსა და სოფლის სხვა მცხოვრებლების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ის ლ.კ-ს ოჯახისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ავითარებს.
ლ.მ. ამბობს, რომ ლ.კ-ს მამას სურდა, ქალიშვილი თანაკლასელზე იძულებით გაეთხოვებინა. მისი მტკიცებით, არასრუწლოვანმა გოგონამ სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს სხვა ქალაქში მცხოვრები მამაკაცი გაიცნო და მას საკუთარი ნებით გაჰყვა. სოფელში მოქმედი ორგანიზაციის წარმომადგენელი დედის მხრიდან ქალიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც მიუთითებს.
„მამას ძალით უნდოდა, გოგონა თანაკლასელზე გაეთხოვებინა. ამ გოგოს სასტიკად არ უყვარდა მისი თანაკლასელი. ის ტიროდა და ამბობდა, კაბას არ ჩავიცვამო. ეს ყველაფერი ჩემი თანდასწრებით ხდებოდა. ამ გოგომ ინტერნეტით გაიცნო სხვა ბიჭი და გაჰყვა. მშობლებმა გოგონა ქმარსა და დედამთილთან ერთად მოტყუებით ჩამოიყვანეს სოფელში. კორეელიც თან გამოჰყვა. დედამ გოგონას სცემა, ქმარზე, მის დედაზე და იმ კორეელზეც გაიწია. მე მაბრალებენ, რომ გოგონა მე გავაცანი და მივათხოვე იმ ბიჭს. 6 ოქტომბერს საქართველოში არ ვყოფილვარ, რუსეთში ვიყავი“, – ამბობს ლ.მ.
გაზეთი „კახეთის ხმა“, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, გოგონას და მისი მეუღლის ოჯახს ვერ დაუკავშირდა. ისინი ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს თიშავენ.
არასრულწლოვან გოგონას ესაუბრა სოფლის რწმუნებული. ისიც ჭრა-კერვის მასწავლებლის მსგავსად, გოგონას ნათქვამის საფუძველზე ამბობს, რომ ლ.კ. საკუთარი ნებით გაჰყვა ა.ბ-ს. რწმუნებული ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანი ოჯახისაგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის.
„რამე სერიოზული რომ იყოს, გოგონა რაღაცნაირად ხომ მიახვედრებდა მაინც თავის მშობლებს. მეც ვუთხარი, რომ თუ რაიმე პრეტენზია გაქვს, გვაცნობე-მეთქი, მაგრამ არაფერი მსგავსი არ უთქვამს“, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.
იურისტების განმარტებით, როდესაც მშობლები, ახლობლები ან ნებისმიერი სხვა პირები საუბრობენ გოგონაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, აუცილებელია საგამოძიებო ორგანომ საქმეში ფსიქოლოგების და ამ დარგის სხვა სპეციალისტების ჩართვა მოითხოვოს და ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა.
“არასრუწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლების საცხოვრებელი ადგილი. როდესაც არასრულწლოვანი მშობლების მოშორებით არის, მშობლებმა უნდა მოითხოვონ მისი დაბრუნება. ამის შემდეგ თუ სოციალური სამსახურები ამ საქმეში ჩაერთვებიან, უნდა შედგეს შესაბამისი დასკვნა, რამდენად არის ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის სათანადი პირობები მშობლების ოჯახში. თუ ბავშვზე ხორციელდება ზეწოლა, იძულება ან შანტაჟი, მშობლებმა უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს არის თუ არა ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ზეწოლა. საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, რომ საჭიროებისამებრ დანიშნოს შესაბამისი სახის ექსპერტიზა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა. მათ გარეშე გამოძიება ვერ გამოიკვლევს იყო თუ არა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ზეწოლა. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ცოდნა, რომ ფსიქოლოგიური დასკვნა დადონ”, – აცხადებს იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ორივე მხარე დაკითხეს, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და გამოძიება არ დაწყებულა. გიორგი მღებრიშვილის უწყება ექსპერტიზის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
სახალხო დამცველის აპარატმაც გოგონას გათხოვების ფაქტის შესწავლაც დაიწყო. უჩა ნანუაშვილის უწყება საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ინფორმაციას საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი უკვე ესაუბრა არასრუწლოვნის ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და სოფელში გამგებლის წარმომადგენელს. სოციალური მომსახურების სააგენტო ამ დრომდე საქმეში არ ჩართულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სკოლის დირექტორმა მიაწოდა, თუმცა საქმეში სოციალური მუშაკის მონაწილეობის მიზნით სააგენტოს ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმართონ. გოგონას მშობლები ამბობენ, რომ ლ.კ. 18 წლის 2016 წლის იანვარში ხდება. ისინი შიშობენ, რომ სრუწლოვნობის მიღწევის შემდეგ მათ ქალიშვილს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წაიყვანენ და მასთან დაკავშირებას ვეღარ შეძლებენ.