ფერმერები დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ
ფერმერ ამბერგ მინდიაშვილის ოჯახი სოფლის მეურნეობას 30 წელია მისდევს. ფერმერის განცხადებით, დარგში უამრავი პრობლემაა, რომლის დროული მოგვარება მეურნეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
,,ბევრი პრობლემა გვაქვს. არ არის სარწყავი სისტემა, ხარისხიანი პესტიციდები, არ ტარდება ნიადაგის კვლევა და სხვა, არც ინფორმაცია გვაქვს სახელმწიფო პროგრამებზე, პრობლემაა დაბალპროცენტიანი სესხების ხელმისაწვდომობა ყველა ფერმერისთვის რომ საკუთარი მეურნეობა განავითაროს. ძალიან გვიჭირს, რომ გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის დარგის მშენებლობა ჩვენივე სახსრებით. დახმარება გვჭირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომ მოგვცენ დაბალპროცენტიანი სესხი, რათა ფერმერებმა არ მიანებონ თავი სოფლის მეურნეობას, ყველას ვაჭრობა არ შეუძლია”, – აცხდებს knews.ge-სთან ამბერგ მინდიაშვილი.
ექსპერტები სოფლის მეურნების დარგში აცხადებენ, რომ სექტორი ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. სოფლის მეურნეობის ექსპერტთა უმრავლესობა ყურადღებას ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ განვითარებული სოფლის მეურნეობა შეიძლება, გადაიქცეს იმ ძრავად, რომელიც ეკონომიკას აამუშავებს. დავით თამარშვილი მიიჩნევს, რომ დარგის შემდგომი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, თუმცა ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზება, მიუხედავად იმისა, რომ დარგის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება.
,,პრაქტიკულად მწარმოებელთა საშუალო ფენა ვერ ღებულობს სახელმწიფო პროგრამებით დიდ სარგებელს, არადა სწორედ ეს ფენა ქმნის ყველაზე მეტ პროდუქტს ყველა ქვეყნის ეკონომიკაში“.