ნუ გაათხოვებ – თელავი ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას უერთდება
აქციები, რომლის მიზანი ნაადრევი ქორწინების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, საქართველოს 14 რეგიონში გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს! ადრეულქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
,,საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით. მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
25 ნოემბერს, თელავში, თეატრის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდებიან აღნიშნულ კამპანიას და ერთად გააპროტესტებენ გოგონების ადრეულ ქორწინებას.