ახალი ამბები

მოსამართლემ რუსთავი 2-ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს უფლებამოსილება შეუჩერა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. განჩინების მეექვსე მუხლში მოსამართლე მიუთითებს, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან, უნდა დაიწყონ. განჩინებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მოსამართლე დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიღებულ განჩინებაში საუბრობს საფრთხეზე, რომ სამაუწყებლო კომპანიის მხრიდან შესაძლოა, გაშუქდეს მხოლოდ სასამართლო დავის გარშემო საკითხები და ეს 
უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე. ურთმელიძე განჩინებაში მიუთითებს, რომ “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას. 
აშშ-ის საელჩო კი უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებაში ნათქვამია, რომ სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მოსამართლის განჩინების მთავარი მიზანი იყო სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 
3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე “ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წინააღდეგ” გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, ქიბარ ხალვაშის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე, დააკმაყოფილა. სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს “პანორამას” გადასცა. 
2 ნოემბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს განსაზღვრავს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმამ შესაძლოა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა გამოიწვიოს და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.