ახალი ამბები

საიას თავმჯდომარე: განჩინების ერთადერთი მიზანი იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

 ნაცვლიშვილის შეფასებით, მოსამართლე ურთმელიძის განჩინებაში ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშოა რამდენიმე პარაგრაფი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, როგორ უნდა აშუქებდეს მედიასაშუალება სხვადასხვა საკითხს. 
“ეს არ არი სმოსამართლის კომპეტენციის საგანი, მისი განხილვის საგანი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და ერთადერთი რა ფუნქციაც აკისრია კონკრეტულ პარაგრაფებს მოცემულ განჩინებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სწორედ ეს პარაგრაფები ნათელს და ცხადს ხდის იმ რეალობას, რომელზეც საზოგადოებას ძალიან დიდი ხანია ჰქონდა ძალიან დასაბუთებული ეჭვი, რომ ერთადერთი მიზანი მთელი ამ პროცესის და კონკრეტულად ამ განჩინებისაც იყო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩიანება, რომელშიც არც ერთ მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არის აბსოლუტურად თეორიული მსჯელობა და მოსამართლე ამ თეორიულ მსჯელობას არაფრით არ ამყარებს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ეს განჩინება ნიშნავს დროებით მმართველს რუსთავი 2-ში, ძალიან ფართო უფლებამოსილებით, რაც ცალკე განხილვის თემაა და ცალკე პრობლემური საკითხია, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დროებითი მმართველის დანიშვნა გაამართლოს, ის იყენებს სამოქალაქო კანონმდებლობიდან ერთ-ერთ ნორმას, მაგრამ ამავე დროს არანაირად არ ასაბუთებს და არ განმარტავს, ეს დროებითი მმართველი რა პრინციპებით რეგულირდება. ის აშშ-ს სასამართლო გადაწყვეტილებებს იშველიებს ამ ინსტიტუტის გასამართავად, მაგრამ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ქართულ კანონმდებლობაში რა კანონი, რა ნორმა არეგულირებს ამ დროებითი მმართველის საქმიანობას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. 
საიას თავმჯდომარისათვის გაუგებარია რატომ ინიშნება ეს კონკრეტული ორი პირი დროებით მმართველებად მაშინ, როდესაც თავად მოსამართლე საუბრობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი. 
“არანაირი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თავად განჩინებაში არ არის, ეს ორი პირი: 1) რატომ არის კომპეტენტური, რომ ეს უფლებამოსილება სწორად განახორციელონ და 2) რა პრინციპებით ხელმძღვანელობს თავად მოსამართლე, როდესაც აკმაყოფილებს მხარის მიერ კონკრეტული ორი პირის დანიშვნაზე მოთხოვნას. ეს აბოსლუტურად არ ჩანს ამ განჩინებიდან და რა თქმა უნდა ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ამ კონკრეტული პირის დანიშვნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბატონი დვალი ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ დავის შედეგის მიმართ იმიტომ, რომ ის, მისი სტატუსიდან გამომდინარე, პირდაპირ არის დაინტერესებული როგორ გადაწყდება ეს დავა, ამიტომ ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მოსამართლის მსჯელობის საგნად არც არის ქცეული და პირდაპირ გადაწყვეტილებაა მოცემული”, – განმარტა საიას თავმჯდომარემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს გვიან ღამით გამოაქვეყნა, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.