ახალი ამბები

“თუ თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის”

უსუფაშვილი მმართველ გუნდში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ამ მიმართულებით უნდა დაიწყონ მუშაობა. მისი შეფასებით, ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია, ამიტომ, მეტი შრომა, პოლიტიკური ინოვაცია და უშუალო კომუნიკაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებში წარმატებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ძალა კოალიციურ ერთობაშია და ცალკ-ცალკე ვერც ერთი პარტნიორი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწევს. 
“თუ მომავალ არჩევნებამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით, რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც. ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა, ამიტომ მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და შესაძლოა ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია, ამიტომ მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო “ტესტ-მატჩისთვის” (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის)”, – წერს ,,ფეისბუქში” დავით უსუფაშვილი.