ახალი ამბები

საგარეჯოში საარჩევნო უბნები 08.00 საათზე გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი.

„ხვალ, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. როგორც კი ცესკო მიიღებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებს, ისინი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები (ასევე, ორენოვანი ბიულეტენი აზერბაიჯანული თემისთვის), შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის,“ – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ¬ – 39 საარჩევნო უბანზე.
საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნო უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს – 2 საარჩევნო უბანზე.
არჩევნების დღეს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის – 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). 
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბერს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

 საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.