ახალი ამბები

ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრს სასამართლოში უჩივლებს

ინაშვილი ხიდაშელისგან მოითხოვს, ფაქტებით დაადასტურის, რომ ის რუსია ან უარყოს ნათქვამი, რომელიც, დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, მიზნად ისახავდა მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას. 
“ხვალინდელმა არჩევნებმა ჩაიაროს და თავდაცვის მინისტრს აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში. ხიდაშელი მე, საქართველოს მოქალაქეს, საჯაროდ მომიხსენიებს, როგორც რუსს. თურმე მე მითქვამს, რომ რუსეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ქვეყნის მომავალი. ქალბატონ ხიდაშელს მოვთხოვ, ან ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ რუსი ვარ, ან საჯაროდ უარყოს თავისი ეს ნათქვამი, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, როგორმე ჩემი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეილახოს. თანხას არ ვითხოვ, ბოდიშს კი აუცილებლად მოვახდევინებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს“, – განუცხადა knews.ge-ს ირმა ინაშვილმა. 
28 ოქტომბერს თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა ირმა ინაშვილის განცხადებას, რომელიც საგარეჯოს რაიონში შემავალ მუხროვანის სპეცუბანში ჯარისკაცების აღრიცხავს ეხებოდა. ხიდაშელის განმარტებით, ის რუსების კომენტატორი არ არის და 500 ქართველ ჯარისკაცს არჩევნების მონაწილეობის უფლებას ვერ შეუზღუდავს. ინაშვილის განცხადებით, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა სპეცუბანი, სადაც 549 ჯარისკაციდან მხოლოდ 25 მათგანია საგარეჯოს საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული.