ახალი ამბები

საგარეჯოში კონკურსის „მე ვირჩევ“ გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა

საუკეთესო ნამუშევრების ავტორებმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა ჯილდოები და სერტიფიკატები მიიღეს. ,,მედია ცენტრი კახეთის’’ დირექტორის, მაია მამულაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. მისივე განმარტებით, პროეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებზე. ,,პროექტის ფარგლებში, დაახლოვებით 500-მდე ახალგაზრდა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია არჩევნების შესახებ. ჩატარდა სადისკუსიო და საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებული სეგმენტი წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ჩანართები გაზეთ ,,კახეთის ხმის’’ მეშვეობით, ასევე რადიო ,,ჰერეთის’’ ეთერით გავიდა გადაცემათა ციკლი საარჩევნო საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 31 ოქტომბერს, შუალედური არჩევნების დღეს საგარეჯოში, მოხდება მედიის წარმომადგენლების და ჟურნალისტების მხრიდან საარჩევნო დღის გაშუქება. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მოხდება როგორც ვებ-გვერდის knews.ge-ს, ასევე გაზეთ ,,კახეთის ხმის საშუალებით და რადიო ,,ჰერეთის“ ეთერით. ვფიქრობ, რომ პროექტი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი იყო იმდენად რამდენადაც ზოგადად საგარეჯო მოკლებულია სწორედ ადგილობრივი მედიის რესურსებს. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ პროექტში მონაწილეობას ირებდნენ ახალგაზრდები, მოხდა მათი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ქალების გააქტურება და ჩართვა’’,– განმარტავს მაია მამულაშვილი.
პროექტის ექსპერტის საარჩევნო საკითხებში, თინა სიბაშვილის აზრით, კონკრეტული სახის პროექტების განხორციელება განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალგაზრდების სამოქალაქო გააქტიურებისა და განათლების მიმართულებით. ,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ამომრჩევლის უფლებაზე, მოვალეობებზე, გაეცნენ საარჩევნო პროცედურებს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები იყვნენ ძალიან აქტიურები და გამოხატავდნენ ინტერესს კონკრეტული საკითხების მიმართ. ჩავატარეთ ფლეშმობი და იმიტირებული არჩევნები, რაშიც მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს,’’ – ამბობს თინა სიბაშვილი.
კონკურსის „მე ვირჩევ“ ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტში ჩართული ახალგაზრდების და კონკურსის მონაწილეების განცხადებით, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არჩევნებთან და ამომრჩევლის უფლებებთან დაკავშირებით.
საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მოსწავლის, კონკურსის გამარჯვებულის, ეთო ღრუბელაშვილის თქმით, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს ახალგაზრდების ინფორმირებას უწყობს ხელს. ,,ამ კონკურსში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე, გავეცანი ჩემს უფლებებს. ასევე, დავწერე სტატია, რომელმაც მოიპოვა პირველი ადგილი. ძალიან მოხარული ვარ და იმედი მაქვს, მსგავსი სახის პროექტები და კონკურსები კვლავაც გაგრძელდება და ბახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შუწყობს ხელს. ძალიან მიხარია, რომ ჟურის ჩემი მასალა მოეწონა, ’’– აცხადებს Knews.ge-სთან ეთო ღრუბელაშვილმა.
საუკეთესო ესსეს ავტორის, კონკურსის მონაწილის, დიანა გრძელიშვილის განცხადებით, მან პროექტის ფარგლებში საკუთარი საარჩევნო უფლების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღო.
,,მივიღე დიდი გამოცდილება, ბევრი რამ ვისწავლე საარჩევნო პროცედურების შესახებ რაც აქამდე არ ვიცოდი,’’ – ამბობს საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა გრძელიშვილი. პროექტს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.