ახალი ამბები

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული პანკისელების სასამართლო პროცესი იწყება

ბრალდებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პროცესის დაწყების წინ განაცხადა, რომ საქმე ეხება პანკისელ იმამს აიუფ ბორჩაშვილს და კიდევ 3 პიროვნებას – ბუთურიშვილს, კუპრავას და ფილისებიას. ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა საფუძველს მოკლებულია.
„წარმოადგენილია 6-7 ათასი ფურცელი და 200-ზე მეტი CD და DVD დისკი, თუმცა, აქედან მხოლოდ მასალების 90%-ის გაცნობა მოვასწარით. არცერთი მტკიცებულება არაფერს ამტკიცებს. ჩვენ ვიდავებთ სასამართლოში და იმედი გვაქვს დავამტკიცებთ, რომ იმ დანაშაულში, რაშიც ბრალი ედება ბორჩაშვილს და 3 პიროვნებას, უდანაშაულონი არიან“, – განუცხადა სააგენტო ,,პირველს” ნიკალაიშვილმა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში აგზავნიდა. ბორჩაშვილი აღნიშნული 3 პიროვნების გაგზავნასაც აპირებდა. ჯოყოლოს ყოფილ იმამს ბრალი აქვს წაყენებული 2 მუხლით – ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და დაჯგუფებაში გაწევრიანებისთვის სხვა პირების გადმობირება.
ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. საქმის არსებითი განხილვა 2 კვირაში ჩაინიშნება.