კახეთში ნაციონალური მოძრაობის ოფისები წითლად შეღებეს
პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ოფისები ხელისუფლების დავალებით შეღებეს, თუმცა მისთვის უცნობია ვინ ჩაიდინა ეს ქმედება. ბოტკოველი აღნიშნულ ფაქტებს NDI-ს მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევებს უკავშირებს
“რამდენიმე დღეა, რაც ჩვენს პარტიის ოფისებზე ხდება თავდასხმა. ეს არის ხელისუფლების მიერ წახალისებული და ეს ხდება მმართველი გუნდის უშუალო დავალებით. ხელისუფლება ღებავდეს პოლიტიკური პარტიის ოფისებს, ეს შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს. ვიღაცები მიიპარნენ გვიან რამე და წითელი საღებავები შეასხეს. თელავში საღებავი შეასხეს ახლადრეაბილიტირებულ შენობას. ამ ყველაფერს შეიზლება დავარქვათ ვანდალიზმი. მეოთხე დღეა, რაც გამოქვეყნდა NDI-ს კვლევები და მათ დაინახეს, რომ 13%-იანი პარტიაა. წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოინდომოს პარტიამ, რომ 67%-დან ოთხ წელიწადში 13%-მდე ჩამოვიდეს. ამ შედეგებით არიან გამწარებულები და თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს წითელი საღებავები შეასხეს ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ლანჩხუთსა და ახალციხეშიც. თბილისში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაც წითელი საღებავით შეღებეს. ბიბლიოთეკის შენობაზე დახატულია წითელი ხელები წარწერით „მწამებლის ბიბლიოთეკა“.