თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 152 000 ლარი დაიხარჯა გარე განათების სისტემის მომსახურებაზე, სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციას მომხმარდა 198 000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე კი გამოიყო 140 000 ლარი. შათირიშვილის განცხადებით, ეს პერიოდი განსაკუთრებულია იმით, რომ გამგეობის სამსახურებთან ერთად მიმდინარე საქმიანობა წარიმართა თვითმმართველობის რეფორმის პრაქტიკულად განხორციელების პირობებში, როცა თელავის მუნიციპალიტეტის ბაზაზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ორი მასშტაბური პროექტი – იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა, რომლის ღირებულებაა 2 700 000 ლარი და შუამთის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნის პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 700 000 ლარი.
” პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად ახლიდან მოუწია. ძალიან ბევრი ახალგაზრდული, სოციალური, კულტურული, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით ბევრი პროექტი დაფინანსდა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. აქამდე იცით, რომ სოფლებსა და ქალაქს ერთი ბიუჯეტი ჰქონდა და 80% იხარჯებოდა თელავზე. სოფლებში ფაქტობრივად არაფერი არ კეთდებოდა. ეხლა თელავის თემის ბიუჯეტი სხვადასხვა შემოსულობის ხარჯზე შეადგენდა 10 მილიონს და მთელი ეს თანხა მოხმარდა სოფლებს. ძალიან ბევრ სოფელში მოგვარდა გარა განათების, ნაგვის გატანის, წყლის, შიდა გზების პრობლემები, ახალი ჭაბურღილები დაემატა, შალაურსა და კურდღელაურში გაიხსნა საბავშვო ბაღები. ავადმყოფთა ოპერაციების დაფინანსების, წამლებით უზრუნველოფის, ომის ვეტერანთა და ომში დაღუპული ოჯახების, მრავალშვილიანი და ახალშობილი ოჯახების დასახმარებლად გამოყოფილი 689 440 ლარიდან განვლილ პერიოდში ათასხუთასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეწია დახმარება”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ალექსანდრე შათირიშვილის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იყალთოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან მრელაშვილი, რომელმაც კონკრეტულად სოფელში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.