ახალი ამბები

ქალთა კოოპერატივი „ალვანი“ ჩურჩხელას წარმოებას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კოოპერატივ „ალვანის“ ფერმერულ მეურნეობაში, ხვალ, 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჩურჩხელას წარმოების გახსნის ცერემონია გაიმართება.
,,გახსნის ცერემონიისას მოხდება 2000 ჩურჩხელას წარმოება. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა თავად გაეცნონ წარმოების მეთოდებს ჩურჩხელას ამოვლების პროცესში მონაწილეობის გზით. ასევე, ადგილზე გამართება „ალვანის“ კოოპერატივის ქალი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქალთა კოოპერატივმა „ალვანი“, რომელიც 2014 წელს „ომის ქვრივთა ასოციაციის“ წევრების მიერ დაარსდა, მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში.
,,ENPARD-ის პროგრამა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შემოსავლების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი სტრუქტურის პოპულარიზაციის მეშვეობით.
კოოპერატივის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ბიზნესის დაგეგმარების და ორგანიზაციული განვითარების ტრეინინგები, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტების ტექნიკური რჩევები.
ტრეინინგები დაეხმარა ქალებს კოოპერატივის მართვის მეთოდების უკეთ გააზრებაში, პასუხისმგებლობებისა და როლების სწორად გადანაწილების კუთხით, ისევე როგორც რესურსების ეფექტიანი გზით და სამართლიანად მიმართვის საქმეში”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.
წელს, „ალვანის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელში, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაში ENPARD-ის ფინანსური დახმარების მეშვეობით. 
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველო სარგებლობს 52 მილიონიანი ევროს მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მეშვეობით.