პანკისში სემინარი-“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“ ჩატარდება
ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების შესახებ. სემინარის თემებია: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო
მიმოსვლის პერსპექტივები და წესები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობები რეგიონებისთვის, რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხები. სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარის ფარგლებში გაიმართება თავისუფალი დისკუსია იმ კითხვების და მცდარი მოსაზრებების (მითების) შესახებ, რომლებიც ხშირად ჩნდება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) გამართავს ვებგვერდის www.eurocommunicator.ge-ს პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის თაობაზე გაჟღერებული მითების საპასუხოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.
სემინარს დაესწრებიან პანკისის ხეობაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიება იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
შეხვედრა ჩატარდება ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივ ცენტრში (კლუბი).