ახალი ამბები

ახმეტაში 10 მილიონიანი პროექტის განხორციელება ჩაიშალა

კომპანიის დირექტორი გიორგი გონჯილაშვილი განმარტავს, ახმეტაში, სოფელ ხორბალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო ვერ ახერხებენ.
„საქმის გაკეთება არ უნდათ, აბსურსული მიზეზია ის, ხომ ახმეტაში, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი გაკეთებულა და არც ახლა კეთდება, ინვესტიციაზე უარი იმის გამო თქვა, რომ ტერიტორიაზე საძოვრებია და მერქნიანი ხეები დგას. ეს ტერიტორია მათ ნათესავებს აქვთ დაქირავებული და ქირაობენ. ჩვენ რომ დაგვთანხმდნენ, გამოვა, რომ ისინი უნდა გაუშვან და იმის გამო, რომ მათი მეგობარი თევზს იჭერს, 10 მილიონიან პროექტზე უარს აცხადებენ“ – განმარტავს გიორგი გონჯილაშვილი.
კომერსანტის ინფორმაციით, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, აღნიშნულის საქმის კურსშია ეკონომიკის სამინისტრო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანიის დირექტორისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურული ძეგლის განთავსების ადგილს წარმოადგენს. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტერიტორიის ნაწილი დაკავებულია ძვირფასჯიშიანი მერქნის კორომით, ასევე, მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია ნაძვებით, დანარჩენი კი სოფელ ხორბალოს მოსახლეობისთვის სასაძოვრე ფართებს წარმოადგენს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, კომპანია White Group სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობას, ვენახის, ხეხილის ბაღებისა და თხილის პლანტაციების გაშენებას, ასევე მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობას, საჯინიბისა და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობას გეგმავდა.