თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ერთი კვირის განმავლობაში გაიმართა საფორტეპიანო და საოპერო მუსიკის საღამოები, შესრულდა ლედი მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“, რიგოლეტოს პირველი არია ოპერიდან „რიგოლეტო“, მადალენას არია ოპერიდან „ანდრე შენიე“, პეტრე ჩაიკოვსკი – სიმებიანი სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონცერტი კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიტირე კლავირაბენდზე, იმიტომ , რომ ეს არ იყო დაკვრა, ეს იყო გენიალური ინტერპრეტაცია იმ გენიალური მუსიკის, რომელიც ქალბატონმა ელისომ შეგვისრულა. და მე ვისურვებდი, რომ ასეთი კონცერტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ მოისმინოს“ – განაცხადა მომღერალმა ირმა სოხაძემ.
წლევანდელი ფესტივალი მეოცე საუკუნის ცნობილი პიანისტის, სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნებოდა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით გაიმართა.
კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დახურვას კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და იუსიტიციის მინისტრები თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, კახეთის გუბერნატორი, თელავის მერი და ვიცე-მერი ესწრებოდნენ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 10 ოქტომბერს გაიხსნა. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.
კლასიკური მუსიკის ფესტივალს წელს დაარსებიდან – 31, ხოლო აღდგენიდან 6 წელი შეუსრულდა.