ახალი ამბები

knews.ge ახალი ამბების კატეგორიაში პირველი ადგილი ერგო

 

საუკეთესო ნამუშევრებისათვის „კახეთის ხმამ“ საჩუქრად წლიური ინტერნეტ/საკომუნიკაციო მომსახურების ჯილდო მიიღო. კონკურსში ნიკოლოზ ესიტაშვილის მიერ მომზადებულმა მასალამ გაიმარჯვა – „თუშეთი გარესამყაროს მოწყდა“ .

ჟურნალისტური მასალა 2015 წლის 21 აგვოსტოსაა მომზადებული და სტიქიის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დაზაიანებას და ექსტრემალურ ვითარებაში მოსახლეობისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას ეხება.

„კახეთის ხმამ“ ჯილდო კიდევ ერთ კატეგორიაში: საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვისაც – „საიდუმლო გვირაბები თელავში“ დაიმსახურა. ავტორები: ნიკოლოზ ესიტაშვილი და ალექსანდრე ყარაულაშვილი.

„კახეთის ხმა“ ზუსტად, ოპერატიულად და მაღალპროფესიულად აშუქებს მიმიდინარე ახალ ამბებს“, – აღნიშნა პოლონური ფონდი „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთის“ პროგრამების ხელმძღვანელმა აგნეშკა ნოვინსკამ.

მედიაკონკურსში გამარჯვებულები ოთხ კატეგორია ში გამოვლინდნენ:

კატეგორიაში: საუკეთესო News-ს – ჯილდო „კახეთის ხმას“ ერგო. საუკეთესო ფოტოს გამარჯვებული „სამხრეთის კარიბჭეა“, საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში „ჩემი ხარაგაულის“ ვიდეომ გაიმარჯვა,  ხოლო ინტერაქტიული ვებგვერდის პრიზი „სპექტრმა“ მიიღო. ამავე კატეგორიებში დამატებითი პრიზებიც გაიცა. ფოტოს კატეგორიაში პრიზი „ოკრიბა ნიუსმა“ მიიღო, ვიდეოს კატეგორიაში „კახეთის ხმამ“  და „გურია ნიუსმა“ დაიმსახურეს. დამატებითი პრიზები გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებმა ნინო კაპანაძემ და შოთა ლომიძემაც მიიღეს და სამახსოვროდ პლანშეტები გადაეცათ. 

გარდა ამისა, სპეციალური პრიზები მიიღეს გაზეთებმა „სვანეთი“ და „მთავარი სამეგრელოში“. ასევე სპეციალური პრიზი, ტაბლეტი ერგო საჩუქრად ლუკა კიტიას ჟურნალ „ზუგდიდელების“ წარმომადგენელს. ლუკამ პრიზი პირადად მიიღო, როგორც კონკურსის და ზოგადად პროექტის, ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებულმა მონაწილემ.

კონკურსი ორგანიზებულია ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთისა და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ შემდეგი პროექტის ფარგლებში: „საქართველოს ადგილობრივი მედია გაზეთები მობილურ სინამდვილეში”.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეოსაქმეთა სამინისტროს 2015 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ – RITA-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.

 

ჟიურის შემადგენლობაში არიან: მარჩინ ბანკ – პროექტის მთავარი ტრენერი;პიოტრ კრიშიაკი – პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი;იაროსლავ ბაბიცკი – პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის განხორციელებული პროექტების ექსპერტი; კონსტანტინე სტალინსკი – დიზაინერი, ინფორმატიკოსი და პროგრამისტი, „საქართველოს ადგილობრივი გაზეთები მობილურ რეალობაში“ პროექტის ექსპერტი და ალიცია მოლენდა – პოლონური ადგილობრივი გაზეთების „პშელომ“ გამომცემელი, ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავჯდომარე, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის გახორციელებული პროექტების ექსპერტი.

კონკურსის დებულების მიხედვით, ყველა პრიზი მედია ორგანიზაციის კუთვნლებაა. „კონკურსის მიზანია, გამომცემლობებისათვის ტექნიკური და შინაარსობრივი განვითარების ხელშეწყობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კონკურსში 13 მედია ორგანიზაცია მონაწილეობდა. ამათგან 9 პოლონეთში სტაჟირებაზე გაემგზავრება. სტაჟირებაზე მიწვეულთა შორისაა „კახეთის ხმა.“

შეგახსენებთ, გასულ წელს “კახეთის ხმამ” ამავე კონკურსში პირველი ადგილი აიღო საუკეთესო ვიდეო სიუჟეტის კატეგორიაში.