ახალი ამბები

თელავში წიგნის საჯარო კითხვის სესია გაიმართა

საჯარო კითხვის სესიები თბილისში მრავალჯერ, ხოლო თელავში პირველად ჩატარდა.  აღნიშნულ სესიებზე საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი მამები ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ ხოლო მშობლებს გენდერულ თანასწორობაზე და მამის ჩართულობაზე ესაუბრებიან.
პროექტი მამა, წიგნი წამიკითხე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შეიქმნა. 2013 წელს UNFPA-ის მიერ გამოცემული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ძირითადი მიგნებების თანხმად მამების 82% 0-6 წლის ბავშვებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ უმზადებს საჭმელს, არ აბანავებს და არ მიჰყავს გასართობად. რაც უფრო იზრდება ბავშვის ასაკი მამის ყოველდღიური კონტაქტი იკლებს და 13-18 წლის ჩათვლის მოზარდის აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა მინიმალურია.
საჯარო კითხვის სესია გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ხორციელდება.