ავთანდილ ღელაღუტაშვილი შესაძლოა თესაუს რექტორის თანამდებობაზე აღადგინონ
სასამართლომ ბათილად სცნო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 17 და 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თესაუს ექსრექტორის დოქტორის დიპლომის ნამდვილობა დადგა ეჭვქვეშ. ღელაღუტაშვილი სასამართლოსგან, ასევე, ითხოვდა რექტორის პოსტზე და პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენას, პროფესორის ხელფასის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ის რექტორის რეგისტრაციიდან მოიხსნა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სასამართლომ მოსარჩელის ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. knews.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ ამ საკითხების შესახებ მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ღელაღუტაშვილის დიპლომის ნამდვილობის შესახებ ახალ აქტს გამოსცემს.
“სასამართლოს გადწყვეტილებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელახლა დაევალა ავთანდილ ღელაღუტაშვილის დიპლომის ნამდვილობის საკითხის გამოკვლევა. უწყებამ ხელახალა უნდა გამოსცეს ახალი ინდვიდუალურ-სამართლებრივი აქტი. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, საუბარი არ არის ჯერჯერობით რექტორის პოსტსა და პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აღდგენაზე. საუბარი არ არის ჯერჯერობით რეგისტრაციაში დაბრუნებაზე. თუ განათლების ხარისხის ცენტრი დიპლომის ნამდვილობის აქტს გამოსცემს, მაინც ვერ გეტყვით ზუსტად ნიშნავს თუ არა ეს რექტორის და პროფესორის თანამდებობებზე ავტომატურად აღდგენას. ეს სამართლებრივი პროცედურებია”, – განუცხადეს knews.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ავთანდილ ღელაღუტაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მისი დიპლომის ნამდვილობის აქტს გამოსცემს და ავტომატურად აღდგება პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და შესაბამისად უმაღლესი სასწავლებლის პირველი პირის პოსტსაც ისევ დაიკავებს.
“ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ჯაჭვური რეაქციით მოხდა. განათლების ცენტრმა ჩემი დიპლომის ნამდვილობა დააყენა ეჭვქვეშ, შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრმა დოქტორის რეგისტრაციიდან მომხსნა და ბოლოს აკადემიურმა საბჭომ შემიწყვიტა უფლებამოსილება. სასამართლომ ხარისხის ცენტრის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. შესაბამისად იგივე პროცესი დაიწყება ჩემს აღდგენასთან დაკავშირებითაც”, – განუცხადა Knews.ge-ს ავთანდილ ღელაღუტაშვილმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საკითხის კომენტირებისაგან თავი შეიკავეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა სამსახურმა კი გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც მედია საშუალებები დაადანაშაულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, ავთანდილ ღელაღუტაშვილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
“გავრცელებულ ინფორმაციაში გაპარულია ფაქტობრივი უზუსტობები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განათლების სამინისტროსათვის ავთანდილ ღელაღუტაშვილის თანამდებობაზე აღდგენა არ დაუვალებია”, – ნათქვამია თესაუს იურიდიული სამსახურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
knews.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება შემდგომ ინსტანციაში არ გასაჩივრდება. 2014 წლის 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს.