მევენახეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ კახეთის რეგიონში 4 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1656 ფერმერია. მიმდინარე წლის ზაფხულში ჭარბი ნალექის შედეგად აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული 72 ბენეფიციარი დაზარალდა. სადაზღვევო კომპანიებმა თითოეული დაზარალებული ფერმერი შეამოწმეს. ზარალი 331 178 ლარზე მეტს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ზარალის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 26,625 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ შეადგინა 13,418,205 ლარი. დაზღვეულია 22,844.3 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 186,676,471 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 8,008 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 9.5 მილიონ ლარს შეადგენს.