ახალი ამბები

თელავში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა – ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი, დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში. 
გამოჩენილი ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალს წარმომდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორი: კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმრო „ზუზუმბო“ და კომპანია „ბადაგონი“. 
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო ერთი, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ჟურნალი „ინდიგო“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, ფესტივალის ბილეთები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge