ოქტომბერში ,,გურჯაანქალაქობა” გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნინო ნაცვლიშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე სულ 12149 ლარი დაიხარჯება. ,,დღესასწაულისთვის ვამზადებინებთ მოძრავ სცენას, რაშიც დაიხარჯება 8500 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა განკუთვნილია ისეთი ღონისძიებებისათვის, როგორიცაა მაგალითად საპატიო მოქალაქის სუვენირებისა და დიპლომებისათვის, გამოფენებისათვის, სპორტული შეჯიბრებებისათვის მოსაწვევი ბარათების დასამზადებლად, ასევე მოწვეული მომღერლებისათვის”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ნაცვლიშვილმა.
დღის განმავლობაში სტარტს აიღებს ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ქუჩის კალათბურთში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სახალხო რეწვის ნიმუშების გამოფენა და ქართული ღვინის დეგუსტაცია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ,,ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ფაცხები, სადაც რაიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა გასაყიდად გამოიტანს ნობათს. ღონისძიების მსვლელობისას გამგეობის კულტურის სამსახური საპატიო გურჯაანელებს დაასახელებს. სახალხო დღესასწაულს გალა კონცერტი დაასრულებს. ,,გურჯაანქალაქობა” 2003 წლიდან ტარდება.