სტატიები

კოლეჯ ,,პრესტიჟში” რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე გაგრძელდება

კოლეჯის დირექტორის კონსტანტინე დოლიძეს თქმით, სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყო და 27-მდე გაგრძელდება. მისივე თქმით, სასურველ პროფესიას ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიციური პედაგოგები შეასწავლიან. 
,,ახალგაზრდებს რომელებსაც კოლეჯში ჩარიცხვის სურვილი აქვთ, პირველ ეტაპზე რეგისტრაციისთვის პირადობის მოწმობა უნდა წარადგინონ. ოქტომბრის პირველ რიცხვებში კი ჩატარდება ტესტირება და მინიმალური დონის გადალახვის შემდეგ ისინი ჩაირიცხებიან სასურველ სპეციალობაზე. სწავლა უფასოა, რადგან მის გადასახადს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. რაც შეეხება რეგისტრაციას, სხვადასხვა მიმართულებებზე უკვე დაწყებულია: ეს არის ტურიზმის, სამშენებლო, ხალხური რეწვის და სხვა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 181 მსურველი და ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება. ახალგაზრდებს ვურჩევთ აირჩიონ ჩვენი კოლეჯი, რადგან მათ კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები ასწავლიან. დღეს მოთხოვნაა პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდებზე სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ასეთ პროფესონალ კადრებს ვუშვებთ ჩვენ. ეს სპეციალობები, რომლებზეც დღეს აქცენტი გვაქვს გაკეთებული, ბაზრის შესწავლის შემდეგ დავადგინეთ, რომელიც კახეთში მოთხოვნადია. აქედან გამომდინარე მოსწავლეებს აქვთ სტიმული ისწავლონ, გახდნენ კვალიფიციური სპეციალისტები, დასაქმდნენ და მიიღონ საკუთარი შემოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწავლის პერიოდში ისინი გადიან პრაქტიკას სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც შანსი აქვთ დასაქმდნენ”,- განუცხადა Knews.ge-ს კონსტანტინე დილოძემ.
კონსტანტინე დოლიძეს თქმით, კოლეჯ ,,პრესტიჟში” ასევე მოწყობილია სათანადო ინფრასტრუქტურა ინკლუზიური სწავლებისთვის.
,,შშმ მოსწავლეებს ჩვენ მომზადებულები ვხვდებით. დაწესებულებაში სათანადოდ მოწყობილია ოთახები და გადამზადებულები არიან ასევე პედაგოგებიც. ამ დროისთვის რამდენიმე შშმ მოსწავლე უკვე დარეგისტრიტებულია”,- განაცხადა კოტე დოლიძემ.
განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელის, თამარ მჟავანაძეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ გახდნენ პროფესიონალები სხვადასხვა მიმართულებით.
,,სახელმწიფომ დანერგა სიახლეები ეს არის მოდულარული პროგრამები, რომელიც სწავლის ბევრად უფრო გაუმჯობესებული მეთოდია და განსხვავდება საგნობრივი სწავლებიდან. ის მიმართულია პრაქტიკაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, უფრო კვალიფიციური განათლება მიიღონ და დასაქმდნენ. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა პროფესიულ სასწავლებლებში ვესწრებით ღია კარის დღეებს, ვცდილობთ მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუკეთოთ პროფესიულ სწავლას და ავუხსნათ სტუდენტებს რა უპირატესობები აქვს პროფესიული კუთხით სწავლას და რა პრიორიტეტებით შეუძლიათ შემდგომში ისარგებლონ მათ”,– განუცხადა Knews.ge-ს თამარ მჟავანაძემ.
სტუდენტ ქეთევან ბერიშვილის თქმით, იგი კოლეჯ ,,პრესტიჟში” ოფისის მენეჯერის პოზიციაზე აპირებს სწავლას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება უფასოდ დაეუფლონ სასურველ პროფესიას და მიეცეთ დასაქმების შანსი.
,,ძალიან მიხარია რომ არსებობს პროფესიული კოლეჯები და ახალგაზრდებს გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ სასურველი პროფესია. მე დავრეგისტრირდი კოლეჯ ,,პრესტიჟში” ოფისის მენეჯერის ფაკულტეტზე. ეს სასწავლო დაწესებულება ავირჩიე იმიტომ რომ აქ კვალიფიციური პედაგოგები შემასწავლიან სასურველ პროფესიას.”