ვიდეორეპორტაჟი

ლაკბეს წყალსაცავი სტატუსის გარეშე

ტბის ხელოვნურად დაგუბება  სამელიორაციო მიზნით დაიწყო, რომელსაც სარწყავი წყლით შირაქის ველი უნდა მოემარაგებინა, თუმცა ,,მწვანეთა პარტიის“ მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, რომ ქალაქს ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრებოდა, მშენებლობა გაჩერდა და წყალსაცავმა დანიშნულება დაკარგა.

სოფელ არაშენდას მახლობლად, ფხოველის ტყის ტერიტორიის უნიკალურობას აქ არსებული ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლები და მინერალებით მდიდარი ტალახის არსებობა განსაზღვრავს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.  ტერიტორია გომბორის მთიანეთის ნაწილია.

არაშენდელი გულადი ბაწელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ტერიტორიას დღემდე ყურადღება არ ექცევა და მისი უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია ნაკლებია.

,,ბრწყინვალე ადგილია ტურიზმის განვითარებისათვის. ამ ადგილს მიხედვა სჭირდება და მეტი ყურადღება. აქ  შეიძლება ნაკრძალის მოწყობაც, არის შველი“.

მას შემდეგ, გულად ბაწელაშვილი 20 წელზე მეტია წყალსაცავს მეთვალყურეობს. მან 1997 წლიდან დღემდე ლაკბეს მიმდებარე ტერიტორიის პირვანდელი სახით შემონახვა მოახერხა. საკუთარი ინიციატივით ბაწელაშვილმა ლაკბეს წყალში სხვადასხვა სახეობის თევზი მოაშენა. მისი თქმით, ამჟამად, ტბაზე სათევზაოდ ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი აკითხავს.

,,ტბაში თითქმის ყველა ჯიშის თევზი მყავს მოშენებული. ვინც აქ მოდის და თევზაობს, ყველა კმაყოფილი რჩება. გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება, ინფრასტრუქუტურა რომ მოწყობილი იყოს, მეტი ხალხი მოვიდოდა“.

არაშენდის თემის სოფლების სპეციალისტი გივი ჯაშიაშვილი ლაკბეს წყალსაცავთან ახლოს არსებულ ბეტონის გვირაბზე გვიყვება, რომელიც დაახლოებით 400 მეტრამდე სიგრძისაა და უფუნქციოდ არის დარჩენილი. გვირაბიც 80ჶიან წლებშია აშენებული, რომლის მეშვეობითაც ალაზნიდან წყალსაცავში წყლის შემოდინება უნდა მომხდარიყო. ჯაშიაშვილისვე განცხადებით, სამელიორაციო თვალსაზრისით წყალსაცავი დღესაც გამოიყენება, თუმცა მხოლოდ სოფელ არაშენდასა და მელაანის მოსახლეობის ნაწილი მოიხმარს. მისივე თქმით, წყალსაცავს გააჩნია პოტენციალი, სრულად აღმოფხვრას პრობლემა, რომელიც კაჭრეთის ზონის გასარწყავიანებას უკავშირდება.

,,ამ ეტაპზე ხდება მცირე გასარწყავიანება, მაგრამ ვინმე რომ დაინტერესედეს ამ საკითხით, გაცილებით დიდ მასშტაბეს მიიღებ. ტერიტორია გასარწყავდება, ხალხი დასაქმდება და შემოსავალიც გაიზრდება”.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ ლაკბეს წყალსაცავს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მისი ტურიზმის ცენტრად ქცევა მომგებიანი იქნება. მისი თქმით, აუცილებელია სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალსაცავამდე მისასვლელი სამანქანო გზის რეაბილიტაცია. მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც ლაკბეს განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ტბასთან მისასვლელი სამანქანო გზა სოფელ ქოდალოდან გადის. თუ მოწესრიგდება ეს გზა და ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ლაკბეს ტურისტული პოტენციალის გამოყენება იგეგმება. უწყებაში განმარტავენ, რომ კულტურის სამსახურმა ორი თვის წინ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტის განვითარების კონცეფცია წარადგინა, სადაც ტურისტულ ობიექტთა სიაში სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად ლაკბეს წყალსაცავიც არის შეტანილი. უწყებაში ამბობენ, რომ ლაკბე კახეთის ტურისტულ მარშრუტში უნდა ჩაჯდეს, თუმცა ეს როდის მოხდება უცნობია. მანამდე კი  წყალსაცავი სტატუსის მოლოდინშია, ხოლო მისი მცველი მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში.