გურჯაანში მევენახეები ყურძენს ვერ აბარებენ
როგორც მევენახეებმა Knews.ge-ს განუცხადეს, დაკრეფილი მოსავალი მანქანებზე ულპებათ. ,,ქარხნებთან გვაქვს მანქანები გაჩერებული, საათები იქ ვდგავართ და ჩვენი მომხედი არავინ არის. ახლაც რიგში ვდგავარ და როდის მომიწევს ყურძნის ჩაბარება არ ვიცი. სხვა ქარხნებთანაც ეს ამბავია. ხალხი მთელი დღეები ელოდება თავის რიგს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა? ისედაც დაბალ ფასში იბარებენ ყურძენს და თან ამდენ ხანს რიგში გვიწევს დგომა. მანქანაზე დაყრილი ყურძენი კი ფუჭდება და წონა აკლდება. იმედია ხვალ ან ზეგ მაინც ჩაიბარებენ ჩემს ყურძენს”,– განუცხადა Knews.ge-ს მევენახე ლევან ბეგაშვილმა.
როგორც ღვინის ქარხნებში აცხადებენ, ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ და არცერთ მევენახეს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები რთველის დაწყებიდან ჩართული არიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში და შეუფერხებლად განაგრძობენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, ვინაიდან რთველი აქტიურ ფაზაში შედის და კახეთის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე ათას ტონას აღწევს, მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან მევენახეების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს.
,,აუცილებელია ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს”,– აცხადებს დანელია.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 19,2 ათას ტონამდე ყურძენი: აქედან 6 600 ტონამდე რქაწითელი, 8 000 ტ. საფერავი, 880 ტ. კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
“კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.