ევროკავშირი ლაგოდეხში საპილოტე პროგრამას იწყებს
კახეთში საპილოტე პროგრამა ლაგოდეხში განხორციელდება. ლაგოდეხის გამგებლის მოადგილის გიორგი ბოკერიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან ერთად, ENPARD-ის ფარგლებში ახალ პროგრამას იწყებს, რაც გულისხმობს სოფლად არამარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ ყველა იმ მიმართულების განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
,,სოფლად განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. პროექტს ევროკავშირი 3 მილიონი ევროს ოდენობით დააფინანსებს. ლაგოდეხში გაიცემა 16 გრანტი თითეული განისაზღვრება 20 ათასი ევროს ოდენობით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გრანტები გაიცემა როგორც ბიზნესის და სოფლის მეურნეობის ისე სამოქალაქო განვიარების კუთხით. ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, ასევე მოხდება დივერსიფიცირებული ბიზნესის განვითარება, როგორიც არის მაგალითად ბავშთა მხარდასაჭერი ბიზნესი, სასტუმროების მშენებლობა ან ეკოტურიზმის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. თითოეული პროექტის ფარგლებში დაინტერებული პირები გაივლიან პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებს, რის შემდგომ წარმატებულ პროექტს გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა”, – განაცხადა გიორგი ბოკერიამ.