კახეთში ამერიკული ჩენდლერის კაკლის ბაღები შენდება
ბაღის მეპატრონე თბილისში მცხოვრები სამი პირია, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. გიორგი მესხიძეს ჩენდლერის ჯიშის ბაღის გაშენების იდეა პროფესიით აგრონომმა მეგობარმა მიაწოდა. მესხიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის სესხი ბანკიდან გამოიტანა და საკუთრებაში არსებულ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე თურქეთიდან შემოტანილი 9500 ნერგი დარგო. გიორგი პირველ მოსავალს 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ელოდება და იმედოვნებს, რომ ერთ ჰექტარზე მინიმუმ 3-4 ტონა კაკალს მოკრეფს.
„ჩენდლერის ჯიშის კაკალი გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით, ასევე, შესაძლებელია, რომ ხეებს შორის დაშორება შემცირდეს და გაშენდეს ინტენსიური ბაღი, რაც ჰექტრულ მოსავალს შესაბამისად ზრდის“, – ამბობს გიორგი მესხიძე.
ჩენდლერის ჯიშის კაკლის ბიზნესის წამოწყების იდეა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მესხიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის დარგის ამ მიმართულებაში ინვესტიციის განხორციელების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ მრავალწლოვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნა აღმოჩნდა. კაკლის ამ სახეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი თვისება კი ის არის, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი შენახვა მინიმუმ 1 წლითაა შესაძლებელი.
„კაკალი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი და, არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია. კაკალი მედეგიცაა. სეტყვის შემთხვევაში სხვა კულტურებთან შედარებით გამძლეა და ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე ხეხილს, ვენახს ან ნებისმიერ სხვა კულტურას. გარდა ამისა, მსოფლიოში ამ პროდუქტზე მზარდი მოთხოვნაა და მსოფლიო ბაზარს ვერ აკმაყოფილებს კაკლის ის რაოდენობა, რაც დღესდღეობით იწარმოება. აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესგათვლა იყო და გადავწყვიტეთ ამ ჯიშის გაშენება“, – განმარტავს ფერმერი.
კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში გამოყვანილ კაკლის ბაღში დაახლოებით 30 ადგილობრივი ფერმერია დასაქმებული.
სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ელგუჯა კობიაშვილმა ყოველთვიური შემოსავლის გარდა ამერიკული კაკლის მოყვანის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა შეიძინა. საკმარისი ფინანსური სახსრების მოძიების შემთხვევაში ადგილობრივ ფერმერს საკუთარ მიწის ნაკვეთში თავადაც სურს ჩენდლერის მრავალწლოვანი კულტურის გაშენება.
„ასეთი რაღაც ხალხის დასაქმებისათვის რომ კეთდება, კარგია. თითოეულ ოპერაციას ორი სამი კვირა ვუნდებით და ამ ნაკვეთის დამუშავებაზე 30 ადამიანი მუშაობს. ადვილი მოსავლელი არ არის. კაკლის დარგვიდან მოსავლის მიღებამდე მოვლა უნდა. კაკალი იწამლება, ითოხნება, ირწყვება, ისხვლება. ყველა ოპერაცია სჭირდება. თუ ჩენდლერის კაკლის საკუთარ ნაკვეთში გაშენებას მოვიფიქრებ, ეს აღარ გამიჭირდება, რადგან აქ უკვე პრაქტიკა და ცოდნა მივიღე“, – ამბობს ელგუჯა კობიაშვილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩენდლერი საქართველოსთვის ინოვაციური ჯიშია და მის მოვლას, მონდომების გარდა, სწავლაც სჭირდება. დარგის სპეციალისტები, მსოფლიო ბაზარზე ამერიკული კაკლის მზარდი მოთხოვნის გამო, სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარება მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალში შეიტანოს. „კახეთის რეგიონი მიეკუთვნება ისეთ ტერიტორიას, სადაც შესაბამისი აგროტექნიკის პირობებში კაკლის კარგი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი. თუ სახელმწიფო ამ დარგის მიმართულებით გარკვეული სახის ინვესტიციას განახორციელებს და პროდუქციის გაყიდვის ბაზარსაც მოიძიებს, ჩვენს რეგიონში ამ დარგის განვითარებას სერიოზული პოტენციალი გააჩნია“, – აცხადებს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ნიკოლოზ სულხანიშვილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მრავალწლიანი კულტურების და მათ შორის ჩენდლერის კაკლის ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარებს მიზნობრივი ფულადი დახმარება გამოეყოფათ თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით. ერთი ბენეფიციარის სახელზე გაცემული მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. გიორგი მესხიძე წამოწყებული ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და 80 ჰექტარზე კიდევ აპირებს კაკლის ბაღის გაშენებას.