ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
განახლებული გზა, რომელიც დაბა წნორთან და სიღნაღთან 6 სოფელს აკავშირებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, არსებული გზა მთლიანად ამორტიზებული იყო და მას რეაბილიტაცია 30 წელია არ ჩასტარებია. მისივე თქმით, რეაბილიტირებული გზა დედაქალათან დასაკავშირებლად უმოკლესია.
,,გზის რეაბილიტაციის შედეგად მგზავრობის დრო დაბა წნორამდე, რომელიც რეგიონის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, ორჯერ შემცირდება. ასევე, გაადვილდება დაკავშირება ქალაქ სიღნაღთან, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა მთლიანად იყო ამორტიზებული, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 831 384,37 ლარია.