სტატიები

“ხარისხიანი ყურძენი არ დარჩება გადაუმუშავებელი” – გიორგი სამანიშვილი (R)

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი კახეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

–  უნდა ითქვას, რომ  წელს  ვენახისთვის შესანიშნავი ამინდები იყო  და შესაბამისად კარგი მოსავალიც მოვიდა. რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ხშირად  არასწორი ინფორმაციაც ვრცელდება,  რაც  მოსახლეობის დაბნევას იწვევს.  გაუგებრობა იყო ფასებთან დაკავშირებით;

ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში გამართული აქციის მონაწილეებსაც  ვუხსნიდი და აქაც ვაფიქსირებ, სახელმწიფოს  დადებული აქვს ხელშეკრულება  70-ზე  მეტ კომპანიასთან, რომელიც  გადაამუშავებს  ყურძენს. ამჟამად გახსნილია უკვე 19  ქარხანა,  აქედან 4 არის სახელმწიფო კომპანია. მათ შორის- 2 გურჯაანში, 1 დედოფლისწყაროში და 1 წნორში. იმ რეგიონებში, სადაც ყურძენი უკვე დამწიფდა და მევენახეები ვერ ახერხებენ გაყიდონ პროდუქცია, შეუძლიათ  ჩააბარონ  ამ  ქარხნებში.

 ზოგადად უნდა იბარებდეს თუ არა სახელმწიფო ყურძენს  და რისთვის სჭირდება? ვფიქრობ, კახეთის მოსახლეობამ  არ იცის,  საერთოდ რატომ იბარებს სახელმწიფო ყურძენს.

სახელმწიფო არ აწარმოებს ღვინოს,  არ აწარმოებს  არანაირ  პროდუქტს;  მიუხედავად ამისა,   მიღებულია სუბსიდირების გადაწყვეტილება, სწორედ  იმის გამო, რომ თუ არ გამოჩნდება მყიდველი, არ გაფუჭდეს მოსავალი.  ანუ ფასი იმის მიხედვით კი არ განისაზღვრება, მოგება რამდენი დარჩება, არამედ იმის გამო, რომ მევენახემ არ იზარალოს. 

აქციაზე  აპროტესტებდნენ დაბალ ფასს, რომელიც ფაქტობრივად ჯერ არ დაფიქსირებულა. კერძო მყიდველი  არის საქართველოში, მაგრამ  სამწუხაროდ, წელს ყუძენზე მოთხოვნილება უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან  იყო, ასევე გვაქვს ჭარბი მოსავალიც.  ეს ყველაფერი კი,  მოქმედებს ფასზე, თუმცა ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა მაინც არის.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ,  რომ თუ მევენახე მაინც ვერ გაყიდის ყურძენს, მაშინ ჩაიბარებს სახელმწიფო იმ ფასად, რომ არ იზარალოს მევენახემ. ისიც აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც დახმარების სახით ეძლევა კახელ მევენახეს, აკლდება საქართველოს ყველა მოქალაქეს.

-რა ოდენობის თანხა გაიხარჯება ბიუჯეტიდან?

– გადაწყდა, რომ  წელს გაგრძელდეს სახელმწიფო სუბსიდია და რქაწითელისა და კახური მწვანესთვის განისაზღვროს 35 თეთრი, საფერავზე კი 15 თეთრი. ჯამურად, ცენტრალურ ბიუჯეტს უჯდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, ანუ მევენახეები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობენ მილიონობით ლარს, იმისთვის რომ უვლიან ვენახს და მოჰყავთ ყურძენი.

დახმარება გაგრძელდა წინა წლების შესაბამისად, თუმცა საქართველოში მევენახეობა- მეღვინეობის დარგი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ არ სჭირდებოდეს ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხების ხარჯვა. ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ რა დააშავა პომიდვრის, ანდა მარცვლეულის მწარმოებელმა გლეხმა, რომელზეც არ გაიცემა სუბსიდია? !

 გასაგებია რომ მევენახეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ  ყურძენი საკმარისად გვაქვს საქართველოში და მოთხოვნილებაც იმის შესაბამისია, რომ გაიყიდოს ეს პროდუქტი, მაგრამ მთავარია ფასი.

ექსპორტზე ძირითადად  გადის წითელი ღვინო და საფერავიც იმდენი გვაქვს, რაც საექსპორტოდ არის საჭირო. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინოს მოვიხმართ და თეთრი ყურძენიც დაახლოებით იმდენივეა, რაც საქართველოს ბაზარს სჭირდება. ასე რომ, სახელმწიფოდან ფულის დამატება და შესყიდვები ზედმეტი ჩარევაა.

აქციის მონაწილეებს განვუმარტეთ, რომ წელს კიდევ ერთხელ ჩაერევა სახელმწიფო რთვლის პროცესში და პირველი, ხარისხიანი ყურძენი არ დარჩება გადაუმუშავებელი და მეორე, ანაზღაურება ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მევენახემ დახარჯა.

კერძო კომპანიები მიიღებს ყურძენს და არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას, მაგრამ თუ ეს კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ყურძნის ათვისებას, სახელმწიფო დამატებით ჩაიბარებს.

მაგალითად, საფერავი გურჯაანის ერთ-ერთი სოფლიდან კომპანიამ უკვე შეისყიდა ერთ ლარად, რასაც დაემატა 15 თეთრი. იყო შემთხვევა, როცა დაფიქსირდა უფრო დაბალი ფასიც,  50-ს პლიუს 15 თეთრი და ასე შემდეგ.

ფასი უნდა დაადგინოს ხარისხმა და ბაზარმა, ზოგიერთ შემთხვევაში მევენახეს ურჩევნია რომ რაღაც გარკვეულ ფასად გაყიდოს მოსავალი და მაშინვე აიღოს ფული, ზოგჯერ სურს მოიცადოს და უფრო მაღალი ანაზღაურება მიიღოს.

რთველი ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა, როდესაც აქტიურ ფაზაში შევა,  კომპანიებიც შესაბამისად უფრო გააქტიურდებიან, განსაკუთრებით აღსანიშნავია საფერავი, რომელიც უკვე დამწიფდა და კარგი მოთხოვნილებაცაა, ამიტომ ფასის გაპროტესტება, არალოგიკურია. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს.

– როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მევენახეები პრობლემების შემთხვევაში?

–  უკვე მოდიან და გვეკითხებიან თუ სად წაიღონ მოსავალი  და ჩვენც ვამისამართებთ. მუშაობს ცხელი ხაზიც  (2 47 01 01) სადაც შეუძლიათ დარეკონ და დასვან კითხვები, მომავალი კვირიდან თანდათან დაემატება ქარხნები ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.