გურჯაანში დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ისინი ადმინისტრაციული წესით გასამართლდებიან. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, ოთხი დაკავებულიდან ორს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დაუდასტურდა.
უწყების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა, რის დროსაც მოხდა აქციის მონაწილეების დაკავება.
,,საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლაშა მ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1988 წელს დაბადებული კახაბერ ს. და 1979 წელს დაბადებული აკაკი ჯ. დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით). ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია,”- განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.
შეგახსენებთ, გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ უხეშობაში ადანაშაულებდნენ პოლიციელ გიორგი ნასყიდაშვილს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილიც.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას ითხოვენ.