ახალი ამბები

თელავის გენდერის მედიაცენტრში ქალთა პოლიტიკური გააქტიურების შესახებ იმსჯელეს

შეხვედრის მიზანს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზამების შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა. დისკუსიაზე თემატური ფილმიც აჩვენეს. თელავის მერის მოადგილის, აკა საჩიშვილის თქმით, ქალების როლი აქტიურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია.
,,საინტერესო დისკუსია იყო. გამოითქვა ბევრი მოსაზრება, ზოგს ვეთანხმები და ზოგს – არა. რამდენიმე საკითხზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ვთვლი, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ქალების გააქტიურება და მათი როლი ძალიან მნიშნელოვანია. დიდი მადლობა აქციის ორგანიზატორებს ამ საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის”,- განუცხადა Knews.ge-ს აკა საჩიშვილმა. 
პედაგოგ ნანა გარჯიკაულის თქმით, სხვადახვა მიმართულებით და მათ შორის ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდის კუთხით აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება და გააქტიურება.
,,საინტერესო შეხვედრა იყო და შემდგომში ვისურვებდი, რომ მოქალაქეების დაინტერესება და ჩართულობა გაიზარდოს ამ საკითხების მიმართ. მოვისმინე ბევრი განსხვავებული აზრი, გვქონდა დისკუსია და ვთვლი, რომ ეს იყო საჭირო და დროული. კარგი იქნება თუ მმართველი რგოლების წარმომადგენლების დასწრება მსგავს შეხვედრებზე იქნება გაზრდილი და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ ამ კუთხით გააქტიურდნენ,”- განაცხადა ნანა გარჯიკაულმა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და აქტიური ქალბატონები ესწრებოდნენ. დისკუსია გაიმართა პროექტის “აირჩიე თანასწორობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.