ყურძნის ფასი შესაძლოა ერთ ლარს გადასცდეს
სამანიშვილის განმარტებით, ყურძნის საბოლოო ფასი მისი დამწიფებისა და რთველის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ დადგინდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დღეიდან სახელმწიფო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში ყურძნის შესყიდვას იწყებს. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო მწიფე კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში გადაიხდის 25 თეთრს და სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით ჯამში 60 თეთრი ეღირება. მთავრობა 1 კგ საფერავში კი მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რასაც სუბსიდია დაემატება და მისი ღირებულება 75 თეთრი იქნება.
,,ყურძენს სახელმწიფო საწარმო „გრუზვინპრომი“ და ღვინის 4 საწარმო ჩაიბარებს. რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვებიან. რთველი 2015-ის დასრულების შემდეგ კი ყველა კმაყოფილი იქნება. კახელი გლეხების მუქარა კი, რაც ვენახების გაჩეხვასა და ყურძნის გადაყრას უკავშირდებოდა, მხოლოდ გაბრაზებული ადამიანის ნათქვამი იყო,”– განუცხადა “კომერსანტს” სამანიშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ასევე, გამოეხმაურა მევენახეების პროტესტს ყურძნის დაბალ ფასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, რთველის დაწყების წინ ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასზე ყოველწლიურად საუბრობს.
„შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, თუმცა, დაბალი ფასების გაპროტესტება არასწორია – რთველი ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა და არც ფასებია გადაწყვეტილი. ასე რომ, ამას პროტესტი არ უნდა დავარქვათ. რთველის წინ ცოტა ნერვიულობა ყოველთვის არის ხოლმე” – განუცხადა ,,კომერსანტს” გიორგი სამანიშვილმა.
რამდენიმე დღეა, რაც კახელი მევენახეები ყურძნის ფასის ერთ ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ყურძნის ფასი ერთ ლარს არ გაუტოლდება, მოსავალს გაანადგურებენ. ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასთან ერთად ფერმერები ღვინის ქარხნების მიერ მოსავლის ამ დრომდე ჩაუბარებლობასაც აპროტესტებენ.