გურჯაანში მევენახეებმა გზა გადაკეტეს
ფერმერები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ რქაწითელის ფასი, რომელიც დღეის მონაცემებით, სუბსიდიის ჩათვლით 70 თეთრია, მინიმუმ ერთი ლარი უნდა იყოს იმისათვის, რომ დანახარჯების დაფარვა შეძლონ.
რამდენიმე დღეა, რაც მევენახეები ყურძნის ფასის ერთ ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასთან ერთად აქციის მონაწილეები ღვინის ქარხნების მიერ მოსავლის ამ დრომდე ჩაუბარებლობასაც აპროტესტებენ.
,,სამარცხვინოა, ასეთი დაბალი ფასები. კაბინეტებიდან გამობრძანდნენ და იკითხონ რა ჯდება ყურძნის მოყვანა, ჩვენ შრომას აღარაფრად ვაგდებთ. არ შევწყვეტთ გამოსვლებს მანამ სანამ არ გვეტყვიან რა ფასად მიიღებენ ყურძენსაც ჩვენგან”, – განაცხადეს აქციის მონაწილეეებმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველი ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა და არც ფასებია გადაწყვეტილი.
,,შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, თუმცა, დაბალი ფასების გაპროტესტება არასწორია – რთველი ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა და არც ფასებია გადაწყვეტილი. ასე რომ, ამას პროტესტი არ უნდა დავარქვათ. რთველის წინ ცოტა ნერვიულობა ყოველთვის არის ხოლმე” – განაცხადა სამანიშვილმა.
ყურძენზე დაბალი ფასი რამდენიმე დღის წინ სოფლებში კარდენახსა და სამთაწყაროშიც გააპროტესტეს.