კახელმა მევენახეებმა შესაძლოა ვაზი გაჩეხონ
გლეხები ღვინის ქარხნების დროულად გახსნასა და მოსავლის ოპტიმალურ ფასად ჩაბარებას მოითხოვენ. მევენახეების განცხადებით, თუ ყურძენი რამდენიმე დღეში არ დაიკრიფება, მოსავალი გაფუჭდება.
„ავდგები ნაჯახს დავუშენ და ვაზს გავკაფავ. სხვა გზა აღარ მრჩება. არ გვაწყობს ყურძნის დაგვიანებულად ჩაბარება. თუ დაგვიანებით დავკრეფთ ყურძენს, შაქრიანობა აიწევს და წონაშიც დაიკლებს. თან მოსავალიც ფუჭდება“, – განაცხადა მევენახე ნოდარ დევიძემ.
ყურძნის დაბალი ფასის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობამ აქციაც გამართა. გლეხები ამბობენ, რომ მოსავლის მიზერული ფასი გაწეულ ხარჯებს ვერ აანაზღაურებს.
„მომეცი 35 თეთრი და ჩემს მოსავალს მე თვითონ გავაფუჭებ“, – მიმართა აქციის მონაწილემ სიღნაღის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს.
„დაყადაღებული მაქვს სახლი. ბანკიდან გამოტანილი მაქვს 40 000. ყველაფერს გეფიცები. ხალხი შიმშილის ზღვარზეა მისული. მოვლაში რაც დავხარჯეთ, იმასაც ვერ აანაზღაურებს 35 თეთრი“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისთვის უცნობია, რა ფასად ჩაიბარებენ ღვინის კომპანიები მოსავალს. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების დადგენაში ვერ ჩაერევა. მისივე თქმით, ქარხნები ყურძნის მიღებას 10 სექტემბერის შემდეგ დაიწყებენ.
„ყურძნის მიღებას ქარხნები 10-15 სექტემბრიდან დაიწყებენ, როდესაც მოსავალი მაქსიმალურად შემოვა სიმწიფეში. რამდენიმე კომპანიამ თავისი ფასი განაცხადა, მაგრამ ფასს შეინარჩუნებენ თუ გაზრდიან ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც კრეფა დაიწყება“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.