ალავერდის მონასტერში ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია საკვებისა და ქვევრის ღვინის შეხამების ღონისძიებაც, რომლის მოდერატორები, ცნობილი ღვინის კრიტიკოსები და წამყვანები ჩარლს მატკალფი და რობერტ ჯოზეფი იქნებიან. ქართული და ევროპული სამზარეულოს შეხამებას ქართველი მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე უზრუნველყოფს. სიმპოზიუმი ტარდება აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ინიციატივით.
„ეს სიმპოზიუმი ატარებს დიდ ფუნქციას, რომ გააცნოს მსოფლიოს, ღვინის მომხმარებელ ქვეყნებს საქართველო, როგორც კულტურული ვაზისა და ღვინის აკვანი სამშობლო“, – აღნიშნა მეუფე დავითმა.
ღონისძიების ძირითად მიზანს საზოგადოებისათვის და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენს.
6 სექტემბერს სიმპოზიუმი თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნეს.
ღონისძიება პირველად 2011 წელს ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის დამსახურებად მოიაზრება იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი დღეს დასრულდება.