1 აგვისტოდან რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება
საქართველოს მთავრობის №152 დადგენილებით რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და ამ პროდუქტების წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს არეგულირებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია მომხმარებელს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების არაკეთილსინდისიერი მარკეტინგისგან დაიცავს: „კომპანიებმა კეთილი ინებონ და მოიფიქრონ სახელი იმ პროდუქტებისთვის, რომლებსაც არ აწარმოებდნენ რძით და სამამომხმარებლო ბაზარზე რძის ნაწარმის დასახელებით შეჰქონდათ. ამდენი ხანი რომ გვატყუებდნენ ყველა მომხმარებელს, ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ წარმოების გადაწყობა მოუწევთ“.
ტექნიკური რეგლამენტში რძის ნაწარმი განმარტებულია როგორც: „რძისგან ან/და რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისგან წარმოებული სურსათი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის ფუნქციურად აუცილებელი საკვებდანამატ(ებ)ი და ინგრედიენტები იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით“.
რეგლამენტის მიხედვით კარაქი მხოლოდ ძროხის რძისგან უნდა დამზადდეს: „კარაქი – ემულსიის ტიპის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის რძისგან ან/და ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებისაგან“.
რეგლამენტში გაწერილია, რომ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქტები კარაქის დასახელებით ვეღარ გაიყიდება: „კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%-ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვ. იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები“.
რეგლამენტი რძის წარმომავლობის საკითხებსაც აზუსტებს: „ცხოველის/ცხოველების დასახელება, გარდა ძროხისა, რომლიდანაც მიღებულია რძე, მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებასთან ერთად“.
მეწარმეებს რეგლამენტი ეტიკეტზე ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს: „რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი, შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვა, რომელთა წარმოება ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ამ დასახელებების გამოყენებით შედგენილი რთული დასახელებები, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რძისა და რძის ნაწარმისათვის. დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და სხვა სახის საინფორმაციო მასალაში, სურსათზე, რომელიც არ წარმოდგენს რძეს, რძის ნაწარმს, იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს, რძის ნაწარმს“.
რძის ახალ რეგლამენტში “მაწონი” ნახსენები აღარ არის. ქეთევან ლაფერაშვილის თქმით, რეგლამენტიდან მაწოვნის შესახებ ჩანაწერის ამოღება ეკონომიკის სამინისტრომ და პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოითხოვა:
„ეკონომიკის სამინისტრო ძალიან წინააღმდეგი წავიდა მაწონთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესების წინააღმდეგ იმიტომ, რომ მათი თქმით, მაწონი მაისის ბოლომდე ევროკავშირის პატენტების სამსახურში რეგისტრაციას გადის, როგორც ეროვნული პროდუქტი და რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ნაადრევია მაწვნის შესახებ რეგლამენტში ჩანაწერის გაკეთება”.
რძის რეგლამენტის სამუშაო ვერსიაში სოფლის მეურნეობის საინისტროს მაწონზე ორი მოთხოვნის დაწესების ინიტიატივა ჰქონდა: მაწონი აუცილებლად ნატურალური რძით და ადგილობრივი ტერიტორიული სივრციდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან შემდგარი დედოს გამოყენებით უნდა დამზადებულიყო.
მიუხედავად იმისა, რა განმარტება ექნება ევროკავშირში დაპატენტებულ მაწონს, საქრთველოში დღესაც მიმდინარეობს რძეჟავა ბაქრეტიების შტამების კვლევა. პირველი ექსპედიცია შტამების შესაგროვებლად ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო.
შტამების კვლევა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების გამგის ნინო ჭანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს კვლევების და განვითარების ფონდისა და კომპანია შპს „ჯორჯიან მილკ“ (ეკო-ფუდი) მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევის მიზანს საქართველოში გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების შტამების გენეტიკური დახასიათება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენს, რაც მეცნიერებს ქართული და სხვა ცნობილი შტამების გენეტიკური სხვაობის დადასტურების ან უარყოფის საშუალებას მისცემს.
„თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ჯერ ორასამდე რძემჟავა ბაქტერიის შტამი გვაქვს შეგროვებული. ზაფხულში მოვაწყობთ დიდ ექსპედიციას და შტამების მოპოვების არეალს მთელი ქვეყნის მასშტაბით გავზდრით. წავალთ მაღალმთიან რეგიონებშიც. უშუალოდ გენეტიკურ კვლევას ოქტომბერში დავიწყებთ და მომავალი წლის დასაწყისისთვის შტამების გენეტიკური მონაცემთა ბაზის ჩანასახი მაინც გვექნება. გენეტიკურ კვლევებს იტალიის სოფლის მეურნეობის ექსპერიმენტული კვლევის სააგენტოს ბაზაზე არსებულ რძისა და საკვები პროდუქტების წარმოების კვლევით ცენტრში გავაკეთებთ, რომელსაც პროფესორი ჯორჯიო ჯირაფა ხელმძღვანელობს, იტალიაში ერთი ახალგაზრადა უკვე გვყავდა გაგზავნილი 4 თვით და ახლა კიდევ 6 თვით ვაგზავნით ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ჩვენს შტამებზე იმუშავებს. ცოდნის გასაღრმავებლად ახალგაზრდა მეცნიერების საზღვარგარეთ გაგზავნაში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გვეხმარება. იტალიელები ძალიან დაინტერესებულები არიან, დაადგინონ, განსხვავდება თუ არა ქართული შტამები სხვა ქვეყნების ცნობილი შტამებისგან“, – აცხადებს ნინო ჭანიშვილი.
წყარო: http://eugeorgia.info/