ახალი ამბები

ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული სხეული იპოვნეს

ისინი აცხადებენ, რომ ქალბატონი სამი დღის განმავლობაში ოჯახში არ გამოჩენილა. ახლობლების თქმით, იგი ტყეში, ტყემლის საკრეფად იყო წასული, თუმცა მისი კვალი დაიკარგა. სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად, სამაშველო სამსახური იყო ჩართული. სამაშველო ჯგუფებმა ქალბატონს გარდაცვლილს მიაკვლიეს. 
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალის სხეული დანაწევრებულია და ვარაუდობენ, რომ ის მტაცებელმა ცხოველმა, სავარაუდოდ, მგელმა ან ტურამ დაგლიჯა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1984 წელს დაბადებულ ქალს ოჯახი 9 ივლისის შემდეგ ეძებდა.

უწყების ინფორმაციით, ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას გუშინ მიმართა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

“პოლიციაში გუშინ შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა ქალი დაკარგული იყო 9 ივლისიდან. დღეს იპოვეს. არის ნადირის კვალი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს”,- განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში უტარდება.