სეთ-თოფ-ბოქსების შეძენა საბანკო განვადებით იქნება შესაძლებელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ-თოფ-ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, განხორციელდეს ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება. შესაბამისად, ე.წ. „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით.
„საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა. განსაკუთრებული მადლობა კი, გვსურს გადავუხადოთ საქართველოს ბანკების ასოციაციას ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის“ ,- განაცხადა ნათია მიქელაძემ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, საქართველოს ბანკების მიერ გამოხატული მხარდაჭერის შედეგად, გაიზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენასა და ციფრული მაუწყებლობის შეუფერხებლად მიღებას.