თელავში მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან
თელაველი ვენერა ხახუტაშვილი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე დასასვენებელ სკვერში გაჩერება შეუძლებელი ხდება:
“მოედანზე, ქუჩებში, ხალხს ვერ გაუვლია. ძაღლები უფრო მეტი დადის, ვიდრე ხალხი. ბაზართანაც იგივე სიტუაციაა. უკვე აღარ შეგვიძლია. ხალხს კბენენ”, – განუცხადა knews.ge-ს ვენერა ხახუტაშვილმა.
ქალაქ თელავში მცხოვრები მარიამ ბერიაშვილი კი მაწანწალა ძაღლების მიერ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის საფრთხის შექმნის სერიოზულ საშიშროებაზე საუბრობს, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საკითხით დაინტერესებასა და შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
“ქალაქში მაწანწალა ძაღლების არსებობა ბავშვებისთვის და ყველა სხვა დანარჩენისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება”, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ ბერიაშვილმა.
მოქალაქეები ამ პრობლემიდან გამოსავალს მაწანწალა ძაღლებისათვის სპეციალური თავშესაფრების მოწყობაში ხედავენ და აპირებენ, შესაბამისი ინიციატივით თელავის მერიასაც მიმართონ.
“უნდა არსებობდეს რაიმე დაწესებულება, სადაც ამ ძაღლებს წაიყვანენ. მაგალითად თბილისში არსებობს ასეთი დაწესებულება. როდესაც პრობლემაა, მოდიან და მიჰყავთ ეს ძაღლები. მე, მაგალითად, ძალიან მეშინია და კანკალით დავდივარ”, – აღნიშნა ცირა ბულაურმა.