თელავში ტელეკომპანია ,,თანამგზავრი” მაუწყებლობას 17 ივნისიდან განაგრძობს
ადგილობრივმა სამაუწყებლო კომპანიებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო სამუშაოები უკვე დაიწყეს. რომლის დასრულების შემდეგ დღეს არსებული ერთი სატელევიზიო სიხშირით მომავალში 15-მდე ციფრული სატელევიზიო არხი გავრცელდება. ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ასევე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი. იმის გასარკვევად რა ეტაპზე არიან თელავში არსებული მაუწყებლები და რა ტიპის სამუშაოებს ანხორციელებენ ახალი ტიპის მაუწყებლობის გასავრცელებლად, ,,კახეთის ხმა’’ ტელეკომპანია ,,თანამგზავრის” გენერალურ დირექტორს, ენრი კომახიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:
– როგორ მოხდება თელავში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რა დადებით სიახლეებს მოუტანს ის მოსახლეობას და კონკრეტულად რა სახის სამუშაოებს ანხორციელებს ტელეკომპანია ,,თანამგზავრი’’ ახალი ტიპის სიგნალის გასავრცელებლად?
– მაუწყებლობის ციფრულზე გადასვლა მოსახლეობისთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესია. ისინი მიიღებენ მაუწყებლობას ძალიან მაღალი ხარისხით, ჩვენ კი, დაგვემატება სხვადასხვა არხები. მაუწყებლობა და წარმოება გადაცემებისა გაიყო, აქედან გამომდინარე, გვექნება საშუალება, რომ 15-16 არხი გავუშვათ ეთერში. მოსახლეობას კი, შეეძლება უფასოდ მიიღოს 45-მდე არხი, რომელიც იქნება ხარისხიანი და არ გაითიშება ცუდი ამინდის დროს. ამ ეტაპზე ახალი სიგნალის დაფარვის ზონები გადასახედია, შეიძლება, გაიზარდოს. ჩვენი მაუწყებლობა გავრცელდება თელავის, ყვარელის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. ვცდილობთ, რომ საგარეჯოც დავფაროთ. ცუდია ის, რომ ეს, ჩვენთვის დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. პირველად ეტაპობრივად შევცლით ყველაფერს, ნაწილი ტექნიკისა შეძენილია და მონტაჟდება. ახლა ველოდებით ტექნიკის სხვა ნაწილს, რომელიც 1 კვირაში ჩამოვა. ამის შემდეგ სავარაუდოდ 17 ივნისს გავალთ ეთერში სატესტოდ.
– როდის დასრულდება აღნიშნული სამუშაოები და რა სიახლეებს შესთავაზებს ტელეკომპანია ,,თანამგზავრი’’ თელაველებს?
– ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი. რაც შეეხება სხვა არხების ჩართვას სიხშირეზე, 2016 წლის 16 მარტამდე არ გვაქვს ამის ვალდებულება, რაც საშუალებას გვაძლევს სრული ტექნიკა არ შევიძინოთ და ჩვენი არხით ვიმაუწყებლოთ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ახალი ტიპის მაუწყებლობაზე გადასვლა მიწისზედა გავრცელების გარდა არ ეხება არცერთ ტელევიზიას. ეთერში გასვლის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს სიახლეები: გვექნება ახალი პროექტები და გადაცემები. ასევე ვგეგმავთ, რომ ,,გარბის” ბაზაზე გავაკეთოთ ერთი ცენტრალური არხი, რომელიც მთელ საქართველოში გავრცელდება. ასე რომ, გვინდა, რომ მოსახლეობას ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ.
– როგორ მიიღებს მოსახლეობა ,,თანამგზავრის’’ ციფრულ სიგნალს და რა არის საჭირო ამისთვის?
– მათ დასჭირდებათ ე.წ. სეთ-თოფ ბოქსების შეძენა, რომელიც უერთდება ტელევიზორს. მნიშვნლოვანია, თუ ამ მოწყობილობას ექნება ქართული ენა. გარდა ამისა, მოსახლეობას მისი მონტაჟი არ გაუჭირდება, რადგან ინსტრუქცია მოჰყვება. ახალი მაუწყებლობა არის ორი სახის: მეტრული და დეციმეტრული, ამიტომ აღნიშნულმა მოწყობილობამ შეიძლება, მიიღოს ერთი, ან მეორე. მოქალაქემ სეთ-თოფ ბოქსების შეძენისას, უნდა იყიდოს ისეთი მოდელი, რომელიც მიიღებს ორივე სახის მაუწყებლობას. გარდა ამისა, ჩვენი ტელევიზიის მუშვეობით სოციალური რეკლამა გადის მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რათა მეტი გაიგონ ციფრული მაუწყებლობის შესახებ მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ხალხი ჯერ მზად არ არის. ალბათ, 1 წელი ცუდი სიტუაცია შეიქმნება ამ კუთხით ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად, ზოგს ფული არ აქვს მოწყობილობის შესაძენად ზოგს კი ტელევიზორის პრობლემა შეექმნება.