სტატიები

რა მოუტანა თელავს ორად გაყოფამ

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი. ორად გაიყო ქონება და ბიუჯეტიც. როგორც ორივე უწყებაში აცხადებენ, გაყოფის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის. რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა აბულაძე. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თელავმა 1892 წლის მერე თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღიდგინა, რაც მოსახლეობას და
ადგილობრივ თვითმმართველობას ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუადვილებს. მამუკა აბულაძის თქმითვე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ადმინისტრაციულ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ცვლილებების გატარებაა:
,,ეს პროცესი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შარშან დაიწყო. თვითმმართველ ქალაქებს კიდევ 7 დაემატა და მათმა რიცხვმა 12 შეადგინა. თელავი, რომელიც თვითმმართველი ქალაქი იყო ჯერ კიდევ 1892 წლიდან, ახლა ფაქტობრივად აღიდგინა ეს სტატუსი და თელაველებს მიეცათ თავიანთი ქალაქის საკრებულოსა და მერის არჩევის უფლება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გატარებული ცვლილებები, ხალხზე დადებითად აისახება. ქალაქის პრობლემები მკვეთრად განსხვავდება სოფლის პრობლემებისგან, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გამგეობაში მსჯელობენ უკვე სოფლის პრობლემატიკაზე, როგორიც არის წყალსადენები, ნაგვის გატანა, ხოლო ქალაქის საკრებულოში მსჯელობენ კეთილმოწყობაზე, ტროტუარებზე, გამწვანებებზე და სხვა. შესაბამისად, ბიუჯეტი უფრო მიზანმიმართულად, სპეციფიკურად მათ პრობლემებზე იქნება მიმართული. რაც მთავარია, მოქალაქეებს მიეცემათ თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო მეტად ჩართვის საშუალება. დღეს უკვე ქალაქ თელავისა და სოფლების მოსახლეობას საშუალება აქვს თავის რჩეულებს, საკრებულოს წევრებს, გამგებელსა თუ ქალაქის მერს თავისუფლად შეხვდეს, ესაუბროს თავის პრობლემებზე და ბიუჯეტიც უფრო მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე’’,-
ამბობს მამუკა აბულაძე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა სიახლე, რომელიც ინერგება, გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის, რომელიც გამოსწორებადია:
,,აღნიშნულ პროცესს კონკრეტულად თელავში დადებითი მხარეების გარდა სირთულეებიც ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და დაძლევადია. დღეისთვის ადმინისტრაციული საზღვარი ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტს შორის დასადგენია. როცა მოხდება საზღვრის დემარკაცია ორივ მუნიციპალიტეტის შეთანხმებით, მსგავსი პრობლემები, რომელიც ახლა იქმნება იმის შესახებ, თუ ვინ ცხოვრობს ქალაქში, ვინ თემში ან ვინ არის პასუხისმგებელი კულტურულ დაწესებულებაზე, თანდათან მუშაობისპროცესში წარმატებით იქნება გადაწყვეტილი. დღეისთვის საზღვართან დაკავშირებული პრობლემა არის და ეს დადგენილებით განსაზღვრულია.
კონკრეტული მეტრები და გეოგრაფიული კოორდინატები არ არის ჯერ განსაზღვრული, ამას დემარკაციის სამუშაოების განხორციელება უნდა. მსგავსი სამუშაოები ქალაქ გორსა და გორის თემს შორის დამთავრდა და ჩვენ ვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ შემდეგი სამუშაოები მცხეთასა და თელავში დაიგეგმოს, სადაც შედარებით უფრო პრობლემურია აღნიშნული საზღვრის გატარება. მზადდება საზღვრის დადგენის წესი, რომლითაც იურიდიულად განისაზღვრება, როგორ უნდა გაფორმდეს ეს ჩატარებული სამუშაოები და წელს ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა მოიხსნება’’,- აცხადებს მამუკა აბულაძე.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად რეგიონული განვითარების სამინისტროში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა. მისივე თქმით,
თვითმმართველობის კოდექსში ,,მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების’’ შესახებ ცალკეულ მუხლებში შედის ცვლილებები, რომელიც მართვაში სხვადასხვა ფორმებით მოქალაქეთა მონაწილეობას გაზრდის.
აბულაძის განმარტებით, მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ ფორმების გამოყენებით მიიღოს ინფორმაცია რას საქმიანობს მისი მუნიციპალიტეტი, ასევე, შეეძლება თვითონაც აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში:
,,მაგალითად: სოფლებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი პირი ან საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მათი სახელით დააყენებს პრობლემებს მუნიციპალიტეტში, ასევე, შესაძლებელია გამგებელსა და მერს ჰყავდეს თავისი მრჩეველთა საბჭო, სადაც შევლენ საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ამ საკითხების გარდა პეტიცია, რომელიც აქამდე უნდა წარედგინა მოსახლეობის ერთ პროცენტს უწყებაში და მხოლოდ ნორმატიული აქტის პროექტი შეეძლო შეეტანა, ახლა უკვე ნებისმიერ საკითხზე მოსახლეობას შეუძლია, შეკრიბოს ხელმოწერები, წარუდგინოს შესაბამის სამსახურს.
საკრებულო, გამგებელი ან მერი ვალდებული იქნებიან, განიხილონ ეს საკითხი, კონკრეტულ ვადებში პასუხი დაუბრუნონ მოქალაქეებს, აუხსნან თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ ისინი მათი პრობლემების გადასაწყვეტად
და სხვა. ეს ყველაფერი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მეტად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და უწყებაც მეტად იყოს ანგარიშვალდებული მათ წინაშე. მუნიციპალიტეტის ორგანოები და საზოგადოება თუ დასცილდნენ ერთმანეთს, მაშინ საერთო საქმე არ გაკეთდება, პრობლემები ვერ გადაწყდება, ამიტომ ეს კანონპროექტი
და დაგეგმილი სიახლეები გააუმჯობესებს ამ კავშირებს მოსახლეობასა და მათ მიერ არჩეულ ორგანოებს შორის”, – განაცხადა აბულაძემ.

 

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.