ვინ გაასხვისა ვაზისუბანში სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სულხან ჭავჭავაძისეული მამული და რომანოვების ისტორიული სასახლე ფარულად გაიყიდა. ინფორმაციას ისტორიული მნიშვნელობის შენობის გაყიდვაზე მუნიპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არ ფლობენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით კი, ტერიტორია ისე გასხვისდა, მათთვის აზრი არავის უკითხავს.
შენობა საუკუნეზე მეტია სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის შენობა გასხვისებულია და მას კერძო მესაკუთრე ჰყავს. აღნიშნულ ტერიტორიას შპს „ვაზისუბნის მამული“ ფლობს, სადაც წილის თანაბარი მფლობელები ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ შენობა მალე უცხოელზე გაიყიდება, რომელიც შემდეგ ისტორიულ შენობას გაანადგურებს.
ლევან მაილაშვილი:
-,,ისე გაყიდეს, არავისთვის უკითხავთ, წაგვართვეს ისტორიული ადგილი. ეს კერძო საკუთრებაში კი არა, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს, რომ აქ უცხოელი არ შემოვიდეს და არ გაანადგუროს ყველაფერი. მერე ჩვენს შვილებს არ ეცოდინებათ, ისტორიულად რამხელა მნიშვნელობის მატარებელია ეგ ადგილი.’’
ნარგიზ მთვარელიშვილი:
–,,მაგისი გაყიდვის უფლება არავის ჰქონდა, ეგ სოფლის საკუთრება იყო. რომ გაიყიდა, ჩვენ დაგვიანებით გავიგეთ. ასეთი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი, ვიღაცას ჩაუგდეს ხელში.’’
შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილის თქმით, შენობა ისე გასხვისდა, მათთვის არავის არაფერი უკითხავს.
,,ჩემი ინფორმაციით 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ გადაეცა შპს ,,აგრომეტს’’, შემდეგ შპს აგრარული უნივერსიტეტის საცდელ ბაზებს, ხოლო 2013 კი, შპს ,,ვაზისუბნის მამულს’’, მუნიციპალიტეტისთვის აზრი არავის უკითხავს,’’ – აცხადებს ავთანდილ ზარდიაშვილი.
როგორც შპს ,,ვაზისუბნის მამულის’’ დირექტორი მალხაზ ჩუგოშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს, მათ აღნიშნული ადგილი კერძო პირისგან შეიძინეს და გაზაფხულზე იქ ვენახის გაშენებაც იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე, რომელიც ფარულად რამდენიმე პირზე გასხვისდა, კომუნისტების დროს ჭავჭავაძისეულ მარანში მევენახეობის საცდელი ბაზა იყო და იქ ამ დრომდე სხვა ნივთებთან ერთად ბუნებრივი მაცივარიც არის შემონახული.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გიგლა აგულაშვილის თქმით, ისტორიული მამული საწარმოთა მართვის სააგენტომ 2009 წელს გაყიდა, რომელიც შპს ,,აგრომეტმა’’ შეიძინა, ხოლო 2013-ის აპრილიდან დღემდე შპს ,,ვაზისუბნის მამულების” საკუთრებაა:
-,,2011 წლიდან ეს ქონება შპს “აგრომეტის” საკუთრებაა, 2013 – დან კი, ჩანს, რომ შპს ,,აგრარული უნივერსიტეტის” საცდელი ბაზებისაა. 2013-ის აპრილიდან დღემდე შპს “ვაზისუბნის მამულების” კერძო საკუთრებაა. ამბობენ, რომ ყოფილი პარლამენტარის, პაატა ჩეკურიშვილის, იყო და იმან გაყიდაო. ახლა მოხნულ-დამუშავებულია ნაკვეთები. კერძო საკუთრებაში რომ არ შეუშვას მესაკუთრემ გარეშე პირი, რა გასაკვირია?! როგორც ჩანს, სახელმწიფოს მიერ ამ ქონების გაყიდვის შემდეგ მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა. დღეს არ იქნებოდა სწორი, გველაპარაკა ,,ფარულ” გაყიდვაზე. რა მოხდა 2009 წელს და დაირღვა თუ არა მაშინ ან შემდეგ კანონი, ამ კითხვას შესაძლოა, სამართალდამცავებმა გასცენ პასუხი, თუკი სათანადო სამართლებრივი საფუძველი იქნება ამისათვის. ვფიქრობ, ნებისმიერი მესაკუთრის უფლებები დაცული უნდა იყოს, სანამ კომპეტენტური ორგანოს მიერ არ დადგინდება რაიმე საწინააღმდეგო.’’