სადაზღვევო კომპანია მევენახეებს სეტყვისგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს
მევენახეები აცხადებენ, რომ სეტყვის შედეგად დაზიანდა ვენახების დიდი ნაწილი, რომლებიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააზღვიეს. გლეხებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის ასანაზღაურებლად სადაზღვევო კომპანია ითხოვდა ცნობას სეტყვის მოსვლის ფაქტზე, რომელთა გაცემაც არ ხერხდებოდა, ეს კი აფერხებდა ზარალის დათვლის პროცესს.
ბექა ბაიდაურის უწყების ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივები ცენტრალური ხელისუფლებისა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. “ჯი პი აი ჰოლდინგის” წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დაზიანებული ვენახები და მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.
,,შეთანხმების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელ გოგი ოტიაშვლთან ერთად მოინახულეს დაზიანებული ვენახები და შეხვდნენ დაზღვეულ ფერმერებს. “ჯი პი აი ჰოლდინგის” წარმომადგენლებმა შეადგინეს ზარალის დამადასტურებლი დოკუმენტაცია და შეჰპირდნენ ფერმერებს, რომ მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით”, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.